გუცა გველესიანის მრავალწლიანი კარიერა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში პირველ მარტს დასრულდა. მასთან ერთად სამინისტროს სამოქალაქო ოფისიდან ოცამდე სხვა თანამშრომელია გათავისუფლებული. როგორც ისინი ამბობენ, შემცირების ეს ტალღა ძირითადად საერთაშორისო მიმართულებაზე აისახა.
„როდესაც გაეცნენ ხელმოწერებს, იქ ფიგურირებდა ნატოში ინტეგრაციისა და ასევე ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების სამმართველოების თანამშრომელთა ხელმოწერა და მიმაჩნია, რომ ამ ხელმოწერების შედეგად ყველაზე მეტად დაზარალდნენ ზუსტად ამ ორი სამმართველოს თანამშრომლები“, – ამბობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ნატოში ინტეგრაციის სამმართველოს ყოფილი თანამშრომელი მიხეილ რამაზაშვილი.
ევრონიუს ჯორჯიამ კითხვით მიმართა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, თუ რომელ დეპარტამენტს შეეხო რეორგანიზაცია, რამ განაპირობა ცვლილებები, რამდენი თანამშრომელი გათავისუფლდა და არის თუ არა ეს დაკავშირებული იმ განცხადებასთან, რომელსაც საჯარო მოხელეებმა გასული წლის ნოემბერში მოაწერეს ხელი. სამინისტროდან მიღებულ პასუხს უცვლელად გთავაზობთ:
„სამინისტროს სამოქალაქო ოფისის ორგანიზაციული მოწყობის
ეფექტიანობის გაუმჯობესებისა და სტრუქტურული ქვედანაყოფების ოპტიმიზაციის
მიზნით განხორციელდა რეორგანიზაცია ცალკეულ დეპარტამენტებში შტატებით
გათვალისწინებულ თანამდებობათა შემცირებით. აღნიშნული პროცესი არ
დასრულებულა და მიმდინარეობს სისტემის გამართვისა და ეფექტურობის კიდევ
უფრო გასაზრდელად“.
საინტერესოა, რამდენად იმოქმედებს სამინისტროს ეფექტიანობაზე სტრუქტურული ერთეულების შემცირება. მით უმეტეს, როდესაც ეს ეხება ევროატლანტიკურ თანამშრომლობას. თავდაცვის სამინისტროს გათავისუფლებული თანამშრომლები განსხვავებულად ფიქრობენ.
„ცალსახად შეიძლება ითქვას, რომ ეს არის მიმართულების დასუსტება. სტრუქტურული ერთეულის გაუქმებითა და უფრო მცირე სამსახურის შექმნით, ბუნებრივია, მცირდება მასშტაბი. ამ პერიოდში ძალიან აქტიურად მსჯელობენ ნატოს მხრიდან ყველა პრაქტიკული თანამშრომლობის მექანიზმის გადახედვაზე. როდესაც თავდაცვის სამინისტრო აუქმებს სტრუქტურულ ერთეულს, ეს არის მინიმუმ ნეგატიური გზავნილი ალიანსისადმი“, – აცხადებს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების სამმართველოს ყოფილი უფროსი ნინო გორგოძე, რომლის 17-წლიანი კარიერა თავდაცვის სამინისტროში რამდენიმე დღის წინ დასრულდა.
„ქართული ოცნების” ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ნატოსთან ურთიერთობაში ყველაზე დიდი და, ფაქტობრივად, ერთადერთი მონაპოვარი იყო ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი, რომელიც ქვეყანამ 2014 წლის ნატო-უელსის სამიტზე მიიღო.
პაკეტი მოიცავდა თავდაპირველად 13 მიმართულებას, შემდეგ კი 20-მდე გაიზარდა. კერძოდ, ნატო საქართველოს შეიარაღებულ ძალებს უნდა დახმარებოდა სტრატეგიული კომუნიკაციების, ლოგისტიკის, კრიზისების მართვის, განათლების, ერთობლივი საწვრთნელი ცენტრისა და მთლიანობაში 20 სხვადასხვა მიმართულებით. როგორც ძალოვანი უწყების გათავისუფლებული თანამშრომლები ამბობენ, ამ მიმართულების დასუსტება დაკავშირებულია იმ განცხადებასთან, რომელიც 2024 წლის ნოემბრის ბოლოს გაავრცელეს და რომელშიც კონსტიტუციის 78-ე მუხლისადმი ერთგულებას ხელმოწერით ადასტურებდნენ. გუცა გველესიანს სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანება 25 თებერვალს მიუვიდა. გათავისუფლებული საჯარო მოხელეები სამართლებრივი გზით აპირებენ საკუთარი სიმართლის დაცვას.
„საქართველოს თავდაცვის ძალები ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დამცველნი არიან. ეს არის ეროვნული თავდაცვის სისტემის პოლიტიკურად ნეიტრალური და შეიარაღებული სამხედრო ინსტიტუტი, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს აუცილებელ და პროპორციულ სამხედრო და სხვა სახის ღონისძიებებს”, – ვკითხულობთ თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე.
ყოფილი საჯარო მოხელეები დღესაც საუბრობენ იმაზე, რომ მნიშვნელოვანია, ქართულ ჯარს არ მოაკლდეს დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობით მიღებული გამოცდილება და ის საქმე, რომელსაც ყოფილი საჯარო მოხელეები უძღვებოდნენ, შეუფერხებლად გაგრძელდეს.
„მე მინდა, ღრმად მწამდეს და მჯეროდეს, რომ ჩემს კოლეგებს, ჩემს ძვირფას მეგობრებს, ვინც თავდაცვის სამინისტროში აგრძელებს მუშაობას, ეყოფათ ძალა და ენერგია, აქვთ მხნეობა, რომ ითანამშრომლონ უცხოელ პარტნიორებთან, ამ შემთხვევაში ნატოს ძირითადი ჯგუფი და მოწვეული ექსპერტები მყავს მხედველობაში, რათა გაგრძელდეს ნატო-საქართველოს არსებით პაკეტში მიღწეული შედეგები“, – იმედს გამოთქვამს თავდაცვის სამინისტროს ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის აწ უკვე ყოფილი თანამშრომელი გუცა გველესიანი.
თავდაცვის სამინისტროში რეორგანიზაცია გრძელდება და სამსახურიდან გათავისუფლების ტალღა სამოქალაქო ოფისის სხვა დეპარტამენტებზეც გავრცელდება. ამჟამად გათავისუფლებული თანამშრომლების მთავარი საფიქრალი კი ისაა, თუ რამდენად აღადგენენ სამართალს თანამედროვე ქართულ სასამართლოში.
ავტორი: გიორგი თუხარელი