საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ნათია თურნავას განცხადებით, უცხოური ვალუტის რეზერვები არ არის საგანგაშო ნიშნულზე და გაზაფხულის პერიოდიდან დანაკლისი შეივსება.
მისივე თქმით, ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე ხელოვნური ინტერვენცია და უცხოური ვალუტის მიწოდება გასული ორი თვის განმავლობაში არ განუხორციელებია. მისი თქმით, ასეთი მიდგომა ქვეყანაში უცხოური ვალუტის ჭარბმა შემოდინებამ განაპირობა. თუმცა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი არ აკონკრეტებს უცხოური ვალუტის შემოდინების წყაროს.
„უცხოური ვალუტის რეზერვების მოცულობაზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ ეროვნული ბანკის აქტივობა, არამედ საგარეო ვალის დაფარვის საკითხიც. აღვნიშნავ, რომ იანვარ-თებერვალში ეროვნულ ბანკს სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტის ინტერვენცია არ განუხორციელებია. რეზერვის შემცირება საგარეო ვალის დაფარვასაც უკავშირდება. ეს, რა თქმა უნდა, აისახება რეზერვების მდგომარეობის დინამიკაზე, როცა გეგმაზომიერად ხორციელდება უცხოური ვალის მომსახურება. ქვეყანაში ძლიერი შემოდინებაა უცხოური ვალუტის. ვხედავთ, რომ ლარი გამყარდა კიდეც. თებერვლის ინფლაცია გამოქვეყნდა და მისი მაჩვენებელი მიზნობრივ 3%-ს არ აღემატება, დაბალია და 2.4%-ს შეადგენს. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ჩვენ შევძლებთ რეზერვების დანაკლისის შევსებას უკვე გაზაფხულიდან“, – აცხადებს თურნავა.
მისივე თქმით, ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლა შენარჩუნება პოზიტიური სიგნალია მონეტარული პოლიტიკის უცვლელად დატოვებისთვის. თუმცა, მისივე განცხადებით, ეს გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მომდევნო სხდომაზე განიხილება.
„იცით, რომ ჩვენი უწყება არის უფრო კონსერვატიული და ამიტომ ფრთხილად ვუდგებით მონეტარული პოლიტიკის განსაზღვრას. ამ ეტაპზე საკმაოდ შემცირებულია რეფინანსირების განაკვეთი. იყო პიკზე 11%-ზე და სწრაფი ტემპით დავწიეთ 8%-მდე. კიდევ არის შესაძლებელი შემცირება, თუმცა ჩვენ ვუყურებთ გრძელვადიანი სტაბილურობის პერსპექტივას და ამიტომ არ ვჩქარობთ ცვლილებებს. ამ მხრივ, თითოეული გადაწყვეტილება უნდა ეყრდნობოდეს ყველა მთავარი რისკის განსაზღვრას. ჩვენ ამ ყველაფერს კომიტეტის ფარგლებში განვსაზღვრავთ და თვის ბოლოს მივიღებთ გადაწყვეტილებას“, – აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა.
ეროვნული ბანკის ცნობითვე, ფიზიკური პირებისთვის რეფინანსირების სესხების დაფარვის წინსწრების საკომისიო 2-დან 0,5%-მდე მცირდება.
ცვლილებების შედეგად, შემცირდება ვალდებულების ერთი ფინანსური ორგანიზაციიდან მეორეში გადატანის ხარჯი, რაც ხელს შეუწყობს ფინანსურ ორგანიზაციებს შორის კონკურენციის გაძლიერებასა და მომხმარებლებისთვის მეტად ხელსაყრელი პირობების შეთავაზებას.