კანადას ახალი პრემიერ-მინისტრი ჰყავს. მმართველი ლიბერალური პარტიის გადაწყვეტილებით, ჯასტინ ტრუდოს მარკ კარნი ჩაანაცვლებს.
59 წლის პოლიტიკოსმა პარტიაში ხმათა 86% მიიღო და დიდი უპირატესობით გაიმარჯვა.
მარკ კარნის ეკონომისტის რანგში მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. 2013 წელს ის მართავდა კანადის ბანკს და მისმა პოლიტიკამ ქვეყანას კრიზისი დააძლევინა. აგრეთვე, ისაა პირველი არამოქალაქე, რომელიც ინგლისის ბანკს მართავდა.
გამარჯვების შემდეგ მარკ კარნი სიტყვით წარდგა. თავის განცხადებაში კარნიმ დიდი დრო დაუთმო აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ბოლოდროინდელ განცხადებებს და აღნიშნა, რომ კანადა შეინარჩუნებს საპასუხო ტარიფებს იქამდე, სანამ ამერიკელები მათ მიმართ პატივისცემას არ გამოიჩენენ.
Introducing our new Liberal Leader, Mark Carney! pic.twitter.com/DgUt26aW9k
— Liberal Party (@liberal_party) March 9, 2025
მან ასევე აღნიშნა, რომ კანადა არასდროს გახდება შეერთებული შტატების ნაწილი.
„არის ვიღაც, ვინც ცდილობს საპირისპირო გააკეთოს. ვიღაც, ვინც ცდილობს ჩვენი ეკონომიკა დაასუსტოს. დონალდ ტრამპი. დონალდ ტრამპი და როგორც ვიცით, მან დააწესა გაუმართლებელი ტარიფები იმაზე, რასაც ჩვენ ვაშენებთ, ვყიდით და რითაც ვცხოვრობთ. ის თავს ესხმის კანადელ ოჯახებს, მუშებსა და ბიზნესს და ჩვენ არ შეგვიძლია მას წარმატების უფლება მივცეთ, არც მივცემთ“, – ამბობს მარკ კარნი კანადის პრემიერ-მინისტრი.
კანადის ახალი პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ აშშ-თვის დაწესებულ საპასუხო ტარიფებს არ გააუქმებს.
„კანადის მთავრობამ საპასუხო ტარიფები სამართლიანად დააწესა, რასაც ექნება მაქსიმალური გავლენა შეერთებულ შტატებზე და მინიმალური – კანადაზე. ჩვენი მთავრობა შეინარჩუნებს ამ ტარიფებს მანამ, სანამ ამერიკელები პატივისცემას არ გამოიჩენენ“, – ამბობს მარკ კარნი კანადის პრემიერ-მინისტრი.
ჯასტინ ტრუდომ გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება იანვარში მისი რეიტინგის კლების გამო მიიღო.