„ხელი გაუშვი, ჩემი შვილია“ – ამ სახელწოდებით დღეს, 3 მარტს, თბილისში დედების მარში გაიმართა. საპროტესტო მსვლელობაში მონაწილეობდნენ დემონსტრაციებისას დაკავებულთა ოჯახის წევრები, მეგობრები და მხარდამჭერები. დღევანდელ აქციას საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდა.
„დღეს აქ ქალები, დედები დადგნენ იმისთვის, რომ თავიანთი შვილებისთვის სამართალი მოითხოვონ. როგორც აქ ამბობენ, სადაც სამართალი არ არის, იქ არ არის მშვიდობა. ეს მოჩვენებითი მშვიდობაა, სანამ ჩვენი შვილები თავისუფლები არ იქნებიან. მინდა ყველა დედას მივულოცო ეს დღე, რადგან ყველა დედა ბედნიერია, როდესაც ჰყავს ისეთი შვილი, რომელიც ღირსეულად იცავს თავის ქვეყანას.
მინდა, ვუთხრა სხვა დედებს, რომლებიც დღეს სახლში არიან და სჯერათ ამ მოჩვენებითი მშვიდობის და სჯერათ, რომ ვიღაცამ მოუპოვა ეს მშვიდობა – არა, ეს მშვიდობა თუ იქნება მოპოვებული, მოპოვებული იქნება ამ ბავშვების მიერ, რომლებმაც ღირსეულად გაუძლეს ყველაფერს.
დღევანდელ დღეს ვულოცავ დედებს, რომლებიც საზღვარგარეთ არიან, რომლებსაც არ აქვთ საშუალება, რომ შვილებთან ერთად იყვნენ. დარწმუნებული ვარ, რომ ბევრი მათგანი ჩვენს წუხილსა და ჩვენს ხვალინდელ სიხარულს იზიარებს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საპროტესტო მსვლელობა თბილისის დიდი საკონცერტო დარბაზიდან დაიწყო და პარლამენტის შენობასთან დასრულდა. აქციის მონაწილეებმა პროტესტის 96-ე დღეს კვლავ განაცხადეს, რომ მათი მოთხოვნები უცვლელია და არ შეწყვეტენ აქციებს, ვიდრე დემონსტრაციებისას დაკავებულები არ გათავისუფლდებიან.
„ჩვენი აქ დგომით კიდევ ერთხელ შევახსენებთ [ხელისუფლებას], რომ ვარსებობთ. არ მგონია, რამე გაიგონ, თუმცა მცდელობას მაინც არ დავაკლებთ და როცა იქნება, მაინც ჩვენს ნებას დაჰყვებიან“, – თქვა საპროტესტო აქციებისას დაკავებული ნიკა კაციას დედამ, მარინე აფციაურმა.
თითქმის 100 დღეა, საქართველოში პროტესტია – მოქალაქეები ყოველდღე ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნასა და პატიმრობიდან იმ პირთა გათავისუფლებას, რომლებიც დემონსტრაციებისას დააკავეს.