„ჰამასსა“ და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტის პირველი ეტაპი, რომელმაც შეაჩერა 15-თვიანი სასტიკი ომი, პირველ მარტს დასრულდება – ჯერ გაურკვეველია, რა იქნება შემდეგ.
ომით განადგურებულ ტერიტორიებზე პალესტინელთა გარკვეული ჯგუფები მოძრავი ავტომობილებიდანაც კი ცდილობენ ნივთებისა და პროდუქტების აღებას. ჰუმანიტარული თვალსაზრისით, ადგილზე ვითარება კვლავ კრიტიკულია, ამიტომ მოქალაქეები ქუჩებშიც ცდილობენ საკვებისა თუ ნივთების შეგროვებას.
მხარეებს ჯერ კიდევ რამდენიმე კვირის წინ უნდა დაეწყოთ მოლაპარაკება ცეცხლის შეწყვეტის მეორე ეტაპის შესახებ, რომლის ფარგლებშიც „ჰამასი“ გაათავისუფლებდა 2023 წლის 7 ოქტომბრის თავდასხმის შედეგად გატაცებულ ყველა დარჩენილ მძევალს. ეს კი მოხდებოდა პალესტინელი პატიმრების გათავისუფლების, გრძელვადიანი ცეცხლის შეწყვეტისა და ღაზის სექტორიდან ისრაელის ჯარების სრული გაყვანის სანაცვლოდ.
თუმცა ეს მოლაპარაკებები არ დაწყებულა, გაიმართა მხოლოდ წინა მოსამზადებელი შეხვედრები, მოლაპარაკებები კი ამ დრომდე ფერხდება სხვადასხვა მიზეზით.
„ჰამასის“ მხრიდან ერთ-ერთი ანონიმური წყარო „ასოშიეიტიდ პრესს” ეუბნება, რომ თუ ცეცხლის შეწყვეტის მეორე ეტაპის შესახებ მოლაპარაკებები დროულად არ დაიწყება, შესაძლოა საბრძოლო მოქმედებები განახლდეს. „ჰამასმა“ მანამდე ღიად თქვა, რომ მზადაა მოლაპარაკებების მეორე ეტაპისთვის. ახლა მთავარია, რას იტყვის ისრაელი.