საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და მთის ტრასების სააგენტოს ორგანიზებით, აჭარაში, სამთო კურორტ გოდერძიზე, სათხილამურო მედიატურნირი „გოდერძის თასი 2025“ ჩატარდა.
ტურნირში ერთმანეთს სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლები შეეჯიბრნენ, გამარჯვებულებს სპეციალური პრიზები გადაეცათ.
ვაჟთა შორის პირველი ადგილი ნიკოლოზ მჭედლიძემ დაიკავა, გოგონათა შორის გამარჯვებული კი ნინუცა როსტიაშვილი გახდა.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, სამთო კურორტზე სხვადასხვა ტიპის აქტივობა მოეწყო, მათ შორის საკვები სივრცეები, ფოტოზონა და ა.შ. ტურნირის დაჯილდოებასა და ასევე დახურვის ცერემონიაზე სპეციალურად მოწვეულმა დიჯეიმ იზრუნა.
ღონისძიების მიზანია სამთო-სათხილამურო კურორტების პოპულარიზაცია, ამ კონკრეტულ შემთხვევაში კი კურორტ გოდერძისა, რომელიც ლანდშაფტით გამოირჩევა და უდიდესი პოტენციალის მქონე ზამთრის კურორტია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სურვილია სეზონის გახანგრძლივება და შიდა ტურიზმის ხელშეწყობა.
წლევანდელი სამთო-სათხილამურო სეზონი დასრულებულია. საქართველოში ზამთრის კურორტებმა უამრავ ვიზიტორს, ტურისტს, ასევე შიდა თუ საერთაშორისო დონის სამთო-სათხილამურო ტურნირებს უმასპინძლა.
გაზაფხულზე მოსულმა თოვლმა და ნალექმა დამსვენებლებს საშუალება მისცა, საქართველოს სამთო-სათხილამურო კურორტებს მარტშიც სწვეოდნენ.
ბაკურიანი, გუდაური, გოდერძი და სვანეთი სრიალისა და თოვლის მოყვარულებს მომდევნო სეზონამდე ემშვიდობება.