მთავარისაქართველოსახალხო დამცველმა მზია ამაღლობელისთვის კონსილიუმი მოიწვია

სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელისთვის კონსილიუმი მოიწვია

სახალხო დამცველმა მზია ამაღლობელისთვის სამედიცინო კონსილიუმი მოიწვია. ექიმთა ჯგუფი ოთხი მედიკოსისგან შედგება, რომელიც პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტს შეხვდება და მის სამედიცინო დოკუმენტაციას შეისწავლის.

ომბუდსმენის აპარატის ცნობით, ჯგუფი დაკომპლექტდა მზია ამაღლობელის უფლებადამცველების მიერ შეთავაზებული ექიმებისგან, ჟურნალისტის ჯანმრთელობის პრობლემების გათვალისწინებით.

დღესვე, „ვივამედის“ კლინიკურმა დირექტორმა, ზურაბ ჩხაიძემ მედიას განუცხადა, რომ მზია ამაღლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობა „საგანგაშოა და, შესაძლოა, ნებისმიერ დროს გართულდეს“.

კონსილიუმი ოთხი წევრისგან შედგება, რომელთა შემადგენლობაში შედიან:
1. ელენე გიორგაძე – ენდოკრინოლოგია, ნუტრიციოლოგია, ბავშვთა ენდოკრინოლოგია, საზოგადოებრივი ჯანდაცვა და ჯანდაცვის ორგანიზაცია;
2. გიორგი გვილია – გასტროენტეროლოგია, კარდიოლოგია, შინაგანი სნეულებები;
3. გიორგი ჯავრიშვილი – ოფთალმოლოგია;
4. ალექსანდრე ცისკარიძე – ნევროლოგია.

სახალხო დამცველის განცხადებით, ექიმები უახლოეს მომავალში შეხვდებიან მზია ამაღლობელს და შეისწავლიან მის სამედიცინო დოკუმენტაციას, ამის შემდეგ კი კონსილიუმი მოამზადებს შესაბამის დასკვნებსა და რეკომენდაციებს, რასაც ომბუდსმენს წარუდგენენ.

„დასკვნის საფუძველზე სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის აპარატი შემდგომ სამართლებრივ რეაგირებას განახორციელებენ. ასევე, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დაცვის ფარგლებში, ინფორმაციას მივაწოდებთ საზოგადოებას“, – ნათქვამია საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის განცხადებაში.

ომბუდსმენის აპარატი ასევე განმარტავს, რომ სახალხო დამცველის მანდატი არ არის პატიმრების მკურნალობაში მონაწილეობის მიღება და აღნიშნული უფლებამოსილება არც სახალხო დამცველის მიერ მოწვეულ სპეციალისტებს ექნებათ.

მზია ამაღლობელი 26-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. 4 თებერვალს, გვიან საღამოს, ჟურნალისტი პენიტენციური დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“, საჭირო კვლევების ჩასატარებლად გადაიყვანეს.

მზია ამაღლობელის ადვოკატის, ჯუბა ქათამაძის თქმით, ის შეხვდა პატიმრობაში მყოფ ჟურნალისტს. მისივე განმარტებით, მზია ამაღლობელი თავს მხნედ გრძნობს, თუმცა კლინიკაში დარჩენა არ სურს.

„მდგომარეობა უცვლელია, სტაბილურად გრძნობს თავს. მე ადვოკატი ვარ და პროფესიონალურად ვერ ვაფასებ მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, თუმცა პალატაში დამხვდა, ჩვეულებრივად დადიოდა, სხვადასხვა საკითხზე ვისაუბრეთ. მადლობა გადაუხადა იმ ადამიანებს, ვინც შიმშილობა შეწყვიტა და ყველას სთხოვა, რომ მის გამო თავგანწირვა არ ღირს. რაც შეეხება “ვივამედში” დატოვების საკითხს, ბატონ ზურა ჩხაიძესაც ვესაუბრე და თვითონ კლინიკამ მოსთხოვა მას, რომ გარკვეული დრო დაყოს კლინიკაში, რათა კვლევები ჩატარდეს“, – ამბობს მზია ამაღლობელის ადვოკატი, ჯუბა ქათამაძე.

ავტორიტეტიანი გამოცემების დამფუძნებელს პოლიციელზე თავდასხმას ედავებიან და მას 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend