მთავარისაქართველოთქვენ მარტო არ ხართ, ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს - შარლ მიშელის გზავნილები

თქვენ მარტო არ ხართ, ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს – შარლ მიშელის გზავნილები

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოშია. ის საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შეხვდა. ევროპის საბჭოს პრეზიდენტმა საკანონმდებლო ორგანოშიც გამართა შეხვედრა პარლამენტის თავმჯდომარესთან და დეპუტატებთან. შარლ მიშელი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში ჩავიდა, სადაც განაცხადა, რომ ევროკავშირი საქართველოს უსაფრთხოებისთვის და მშვიდობისთვის ყველაფერს აკეთებს. ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შეხვდა ოპოზიციური პარტიების ლიდერებსაც, სადაც პოლიტიკური პროცესების კონსტრუქციულად გადაჭრაზე ისაუბრეს.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში 28 თებერვალს ჩამოვიდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი დახვდა. პირველ მარტს, დილიდან კი ოფიციალური შეხვედრები დაიწყო.

შარლ მიშელი პრეზიდენტის ადმინისტრაციაში  მივიდა და სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრისას საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე არსებულ გამოწვევებსა და  პოლიტიკური დაძაბულობის კონსტრუქციულად გადაჭრაზე ისაუბრა.


“ამ ქვეყანას, როგორც არასდროს, სჭირდება შიდა სტაბილურობა, შერიგება, დიალოგი. ეს არის ჩვენი ერთადერთი გზა იმისთვის, რომ საქართველომ მიიღოს ყველა ის დივიდენდი, რასაც ევროპული არჩევანი ითვალისწინებს. ჩვენ უნდა შევძლოთ და დროზე მივხვდეთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენს ხელშია, ჩვენს საზოგადოებას ეს უნდა და სხვა არაფერი” – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

„ჩემი ვიზიტი არის პოლიტიკური კრიზისის ფონზე. ეს რა თქმა უნდა, ძალიან აშფოთებს ევროკავშირს და  პირადად მეც. ევროკავშირი მოუწოდებს ყველა მხარეს, ინტენსიურად იმუშაონ იმაზე, რომ მოხდეს სიტუაციის განეიტრალება. მოვუწოდებ მხარეებს პასუხისმგებლიანი მოქმედებისკენ, დიალოგისკენ  ოპოზიციასაც და მთავრობასაც“ – განაცხადა შარლ მიშელმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საოკუპაციო ხაზთან, სოფელ ხურვალეთში ჩავიდა, სადაც ადგილობრივებს პირადად გაესაუბრა. შარლ მიშელმა განაცხადა, რომ საქართველო მარტო არ არის და ევროპა მხარს უჭერს ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას.

„ევროკავშირი საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მხარს უჭერს. ჩვენ ვიცით, რომ ვითარება არის საკმაოდ კომპლექსური და რთული ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ამიტომ ჩემთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივებს ვუთხრა, რომ თქვენ მარტო არ ხართ, ევროკავშირი ყველაფერს აკეთებს მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოებისთვის” – განაცხადა შარლ მიშელმა სოფელ ხურვალეთში ვიზიტისას.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საკანონმდებლო ორგანოსაც ესტუმრა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეს და დეპუტატებს შეხვდა. საუბარი შეეხო როგორც პოლიტიკური პროცესების გადაჭრის გზებს, ასევე პანდემიის შესახებ არსებულ ვითარებას საქართველოსა და ევროპაში.

შარლ მიშელი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსაც შეხვდა, სადაც ოპოზიციონერი ლიდერების მოსაზრებები მოისმინა. შეხვედრაზე პოლიტიკურ კრიზისიდან გამოსვლის გზები განიხილეს.

“მნიშვნელოვანი იყო ოპოზიციური სპექტრისგან ერთი გზავნილის მოსმენა, რომ კრიზისი საქართველოში განიმუხტება მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ პოლიტიკური დევნა შეწყდა. ანუ პოლიტიკური პატიმრები: მელია და რურუა გათავისუფლდებიან. ამასთან, დავსხდებით საუბრისთვის,როგორ მივდივართ ვადამდელ სამართლიან არჩევნებამდე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, მას მოესმინა როგორც დეტალები, ასევე ჩვენი არგუმენტები” – განაცხადა პარტია “ევროპული საქართველოს” ლიდერმა გიგა ბოკერიამ, შეხვედრის დასრულებისას.

შარლ მიშელს მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა უმასპინძლა. ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ოპოზიციასა და ხელისუფლებას დიალოგის დაუყოვნებლივ დაწყებისკენ მოუწოდა.

“დღევანდელი დღე კარგი შესაძლებლობაა, რომ ეს ინიციატივა, რაც პრეზიდენტმა გააჟღერა სწორად გამოვიყენოთ და მხარეები დიალოგის მაგიდასთან დავსხდეთ. დიალოგზე უარი არასდროს მითქვამს. დიალოგი უნდა იყო მხოლოდ ერთი საერთო მიზნისთვის, რომ გამოვნახოთ ისეთი შესაძლებლობა, რომელიც ჩვენს საზოგადოებას გააერთიანებს. ჩვენ ყოველგვარი პირობების გარეშე უნდა დავიწყოთ საუბარი და დიალოგი. მზად ვართ, კონსტრუქციული დიალოგი დაიწყოს მხარეებს შორის” – განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი საქართველოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ტურნეს ფარგლებში ეწვია. საქართველოში ის მოლდოვიდან ჩამოვიდა და უკრაინაში მიემგზავრება.

ნანუკა მეშველაშვილი

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend