მთავარისაქართველო„საგანგაშო სტატისტიკა”- უფლებადამცველები ამბობენ, რომ მომიტინგეებზე ძალადობა ჩვეულ მოვლენად იქცა

„საგანგაშო სტატისტიკა”- უფლებადამცველები ამბობენ, რომ მომიტინგეებზე ძალადობა ჩვეულ მოვლენად იქცა

„ისევე როგორც წინა აქციების დროს, პოლიციის მხრიდან ძალის გადამეტება ჩვეულ მოვლენად იქცა და ის ფაქტი, რომ 25 დაკავებულიდან 22 ფიზიკურ ძალადობაზე მიუთითებს, საგანგაშო სტატისტიკაა”, – ეს განცხადება სახალხო დამცველმა მას შემდეგ გააკეთა, რაც მისი ოფისის რწმუნებულებმა 2 თებერვალს დაკავებული მოქალაქეები მოინახულეს.

ამავე დარღვევებზე მიუთითებენ არასამთავრობო ორგანიზაციების იურისტებიც.

„აღსანიშნავია, რომ საპოლიციო ძალები მთელი საღამოს განმავლობაში ცდილობდნენ, ხელი შეეშალათ მშვიდობიანი დემონსტრანტებისთვის შეკრების უფლების განხორციელებაში. ისინი თვითნებურად აკავებდნენ და ფიზიკურად უსწორდებოდნენ მათ, ამასთან, რამდენიმე ეპიზოდში აქციის მონაწილეები ისე შეავიწროვეს, რაც ჭყლეტისა და ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხეს ქმნიდა. ფიზიკურ ანგარიშსწორებასთან ერთად ცალკეული სამართალდამცავები სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ დემონსტრანტებს, განსაკუთრებით კი, ქალებს. დაკავებულთა ნაწილი საუბრობს დაკავების შემდგომ, ავტომობილებში პოლიციელების მხრიდან ძალადობაზე”, – აცხადებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარე ნონა ქურდოვანიძე.

2 თებერვალს თბილისის შესასვლელთან გამართულ აქციაზე სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით 31 პირი დააკავეს. მათგან ნაწილი მალევე ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდა.

სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ამბობენ, რომ დაიწყეს გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე. თუმცა ამბობენ იმასაც, რომ კონკრეტულ პირებს ვერ დაასახელებენ.

28 ნოემბრიდან დღემდე სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა უწყებაში ამ დრომდე არ ამბობენ, რამდენი სამართალდამცველის მიმართ მიმდინარეობს გამოძიება, ან შეუჩერეს თუ არა რომელიმე მათგანს უფლებამოსილება. უწყებაში არც იმას განმარტავენ, დაიბარეს თუ არა გამოკითხვაზე განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ზვიად ხარაზიშვილი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend