ბელარუსში საპრეზიდენტო არჩევნები ჩატარდა. მოქალაქეებს ხმის მიცემა დილის რვა საათიდან საღამოს რვა საათამდე შეეძლოთ. ბელარუსის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამომრჩეველთა აქტივობამ 86% შეადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ თითქმის 8 მილიონმა მოქალაქემ მისცა ხმა სასურველ კანდიდატს.
ალექსანდრ ლუკაშენკა ბელარუსს 1994 წლიდან მართავს. იგი უკვე მეშვიდედ იღებს მონაწილეობას საპრეზიდენტო არჩევნებში.
2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მან ხმათა 80% მიიღო, რასაც ქვეყანაში მასშტაბური საპროტესტო აქციები მოჰყვა.
ეგზიტპოლის თანახმად, 26 იანვარს ჩატარებულ არჩევნებში ლუკაშენკა ხმათა 87.6%-ს მიიღებს.
„რა თქმა უნდა, ხმა აუცილებლად უნდა მისცეთ. ყოფილი კომუნისტი ვარ, ამიტომ სამშობლოს წინაშე ვალდებულება მაქვს. ქვეყანა ვითარდება, იმედი მაქვს, რომ განვითარებას გავაგრძელებთ, ლუკაშენკა შესანიშნავი ლიდერია, სხვა არავინ გვჭირდება“, – ამბობს თამარა ბესპალოვა, ბელარუსის მოქალაქე.
ალექსანდრ ლუკაშენკას თქმით, მას არჩევნებში მონაწილეობის მიღება აღარ სურდა, თუმცა ის პარლამენტის უმაღლესი პალატის თავმჯდომარემ, ნატალია კოჩანოვამ, დაითანხმა.
ხმების დათვლის პროცესი 5300-მდე უბანზე გრძელდება. ლუკაშენკა ქვეყნის პრეზიდენტი მეშვიდე ვადით გახდება.