რუსეთის ფედერაციასთან, ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეასთან მზარდი პოლიტიკური ესკალაციის ფონზე იაპონიამ ნატოში დამოუკიდებელი წარმომადგენლობა გახსნა. იაპონიის ხელისუფლების მტკიცებით, ამ ნაბიჯით ისინი ცდილობენ, აზიის რეგიონში დაძაბულობის მიუხედავად, ტოკიოსა და ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს შორის თანამშრომლობა კიდევ უფრო მეტად გააღრმაონ, არა მხოლოდ სამხედრო, არამედ პოლიტიკური მიმართულებითაც.
16 იანვარს ტოკიოში გაიმართა იაპონიის მთავრობისა და ნატოს წარმომადგენლების მაღალი დონის შეხვედრაც, რომლის ფარგლებში მხარეებმა ინდო-წყნარი ოკეანის, ევროპისა და ჩრდილოატლანტიკურ რეგიონებს შორის უსაფრთხოების მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
ახალმა მისიამ საკადრო ცვლილებებიც განაპირობა. თუ მანამდე ნატოს ალიანსის საკითხები ბელგიაში იაპონიის დიპლომატიური უწყების კომპეტენცია იყო, ახლა ახალი წარმომადგენლობა საელჩოსგან დამოუკიდებლად მოქმედებს. მისიას ოსამუ იძავა უხელმძღვანელებს.
2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ იაპონიის ხელისუფლებამ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის გაძლიერება გადაწყვიტა. ტოკიოს მიზანი უსაფრთხოების ზრდა იყო, მითუმეტეს, როცა ქვეყანა მოსკოვის მოკავშირე პეკინისა და ფხენიანის პოლიტიკური ზეწოლის ქვეშ მოექცა. ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების მოსაზრებას იაპონიასთან ერთად იზიარებდა სამხედრო ალიანსის ყველა ის წევრი სახელმწიფო, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთს შორის მზარდი პოლიტიკური ქიშპობის გამო შეშფოთებას გამოთქვამდა. შექმნილი მდგომარეობის გამო 2024 წლის ოქტომბერში თანამდებობაზე არჩევისთანავე იაპონიის პრემიერ-მინისტრმა სიგერუ იშიბამ აზიის რეგიონში ნატოს მსგავსი უსაფრთხოების ალიანსის ფორმირების იდეაზე დაიწყო საუბარი, თუმცა ინიციატივას არც კონკრეტული ნაბიჯები და, მითუმეტეს, არც შედეგები მოჰყოლია.