საქართველოს სკოლების დიდ უმრავლესობაში მეორე უცხო ენად რუსული ისწავლება. „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის“ კვლევის მიხედვით, მეორე უცხო ენის მასწავლებელთა 80%-ზე მეტი რუსული ენის სპეციალისტია. ორგანიზაციაში ამას ორი ძირითადი მიზეზით ხსნიან.
„ზოგიერთ შემთხვევაში, მართლაც, მშობლების არჩევანია. ხშირად ამბობენ, და ეს ჩვენს კვლევებშიც შეგვხვედრია (განსაკუთრებით აჭარაში, გურიაში… სადაც ტურისტული ზონებია), რომ პრაქტიკული მიზნებიდან გამომდინარე მეორე უცხო ენად რუსულის სწავლაა მნიშვნელოვანი. თუმცა, ხშირ შემთხვევაში ეს უკავშირდება ადამიანური რესურსების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობას. ერთი მხრივ, ადამიანური რესურსი არ არის. მეორე მხრივ, ჩვენ ვიცნობთ ჩვენს საგანმანათლებლო სისტემას, რომელშიც მასწავლებლები ადგილს ინარჩუნებენ და სკოლები მაქსიმალურად ორიენტირებულები არიან, რომ არსებული საკადრო რესურსი შეინარჩუნონ. რადგან საბჭოთა კავშირიდან გამომდინარე, რუსული ენის მასწავლებელთა სიმრავლეა, სკოლები ცდილობენ, ეს მასწავლებლები შეინარჩუნონ. და შესაბამისად, აგრძელებენ რუსული ენის სწავლებას“, – ამბობს შალვა ტაბატაძე, „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის“ გამგეობის თავმჯდომარე.
„სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის“ სტატისტიკის მიხედვით, რომელიც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ოფიციალურ მონაცემებს ეყრდნობა, მეორე უცხო ენის მასწავლებელთა სტატისტიკა 2023 წელს ამგვარი იყო:
მეორე უცხო ენის 3000-ზე მეტი მასწავლებლიდან 2540 რუსული ენის სპეციალისტია, 444 გერმანულის. მასწავლებელთა შორის მხოლოდ 3-ია ესპანური ენის, ისევე როგორც თურქული ენის სპეციალისტი. იტალიური ენის მასწავლებელთა რაოდენობა სულ რაღაც 24-ია, ფრანგულის კი 108.
„მასწავლებელთა ეს რაოდენობა მიუთითებს, რომ ჩვენთან, ფაქტობრივად, მეორე უცხო ენა რუსულია. ზოგიერთ შემთხვევაში ეს არჩევანითაა განპირობებული საქალაქო დასახლებებში. სასოფლო დასახლებებში ეს არჩევანიც ფიზიკურად არ არის.
სკოლებს, რომელთაც ალტერნატივის შეთავაზების შესაძლებლობა აქვთ, ამას აკეთებენ. თუმცა, მსგავსი სკოლები ბევრი არ არის. ხშირ შემთხვევაში, მსგავსი ტიპის ინიციატივები გარე დაფინანსებიდან მოდის. მაგალითად, იტალიის საელჩო იტალიური ენის სწავლებას აფინანსებს ხოლმე. უზრუნველყოფს შესაბამის სპეციალისტებს, ხელფასებს უხდის. და სკოლებს ეძლევათ შესაძლებლობა, რომ საკუთარ მოსწავლეებს იტალიური ენა შესთავაზონ. თვითონ სკოლას ხშირად რესურსი არ აქვს, რომ ასეთი მრავალფეროვანი, სხვადასხვა ენაზე დაფუძნებული შეთავაზებები ჰქონდეს და მშობლებმა არჩევანი გააკეთონ“, – ამბობს შალვა ტაბატაძე.
თბილისის ქუჩებში მოსწავლეთა მშობლებმა კითხვაზე, თუ რომელ ენებს სწავლობენ მათი შვილები სკოლაში, ამგვარად გვიპასუხეს:
„სავალდებულოა ინგლისური ენის შესწავლა. კიდევ რუსულს სწავლობენ…
არჩევანის საშუალება არ გვქონია…
აუცილებელია, სკოლას ჰქონდეს შესაძლებლობა, რომ მშობლებს შესთავაზოს და ბავშვებმა სხვადასხვა ენა შეისწავლონ. ამაზე ხომ ორი აზრი არ არსებობს. მაგალითად, მე დაინტერესებული ვარ, რომ ჩემმა შვილმა სხვა უცხო ენაც იცოდეს. გერმანული, მაგალითად, კლასიკური ენაა და აუცილებელია“.
„აუცილებელიც არის, რომ სკოლაში ისწავლებოდეს ინგლისური, გერმანული, ფრანგული. რუსული არ უნდა იყოს პრიორიტეტი, ასე მიმაჩნია…
ვინ დაუშალა, რომ მოამზადონ და გადაამზადონ პედაგოგები, რისთვის იყენებენ რესურსს? მეორეც, იყო პრაქტიკა, რომ უცხოეთიდან ჩამოჰყავდათ მასწავლებლები და ასწავლიდნენ. რას ნიშნავს მხოლოდ რუსულის სპეციალისტები არიან?“
„შემდეგი წლიდან მხოლოდ რუსული გვაქვს. გერმანულსაც აღარ ვისწავლით. არანაირი ბმა არ მჭირდება რუსულთან. მინდა, რომ სხვა ენები ისწავლოს“.
„უფროსი შვილი რუსულს სწავლობს, უფროსს ჯერ არ აქვს არჩეული…“
„ინგლისურსა და ფრანგულს სწავლობს. ისე, რამდენი ენაც არ უნდა იცოდე, ყველა კარგია. ყველა ეხმარება ადამიანს. კი, გაბრაზებული ვართ ახლა რუსებზე, მაგრამ რომ შეგვხვდებიან, ხომ უნდა ვუპასუხოთ?“
ეროვნული სასწავლო გეგმა სკოლებს ავალდებულებს, მოსწავლეებს მეორე უცხო ენა შესთავაზონ. თუმცა ის, თუ რომელ ენაზე შეჩერდება არჩევანი, სკოლების გადასაწყვეტია.