გუშინ, 12 იანვარს, ხორვატიაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. ერთმანეთს მოქმედი პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი და მეცნიერების ყოფილი მინისტრი დრაგან პრიმორაკი დაუპირისპირდნენ.
წინასწარი შედეგები აჩვენებდა, რომ პირველ ტურში დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ ზორან მილანოვიჩი მეორე ტურში ხმათა 60%-ს მიიღებდა, თუმცა მოქმედმა პრეზიდენტმა ხმათა 74% მოიპოვა, დრაგან პრიმორაკმა კი – 26%.
კანდიდატები არჩევნების შედეგებს გამოეხმაურნენ.
„როგორც შემეძლო, მაქსიმუმი გავაკეთე, რათა მოქალაქეები ჩემს საარჩევნო პროგრამას გასცნობოდნენ. მე მათ უკეთესი, განსხვავებული და ამაყი ხორვატიის გეგმა შევთავაზე. ვიცი, რომ ამომრჩეველთა ნაწილს ხმა პროგრამისა და ხედვის გამო არ მიუცია და მათ სხვა მიზეზები ჰქონდათ, თუმცა ეს მათი უფლებაა. ჩემი საარჩევნო პროგრამით მსურდა ყველასთვის მეჩვენებინა, რომ ხორვატიას შეუძლია და იმსახურებს, იყოს უფრო უკეთესი“, – ამბობს პრეზიდენტობის კანდიდატი დრაგან პრიმორაკი.
„საღამო მშვიდობისა! მსურს ძალიან მოკლედ ვთქვა ერთადერთი რამ – ხორვატია, დიდი მადლობა!“ – ამბობს არჩეული პრეზიდენტი ზორან მილანოვიჩი.
ამომრჩეველთა აქტივობამ საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში 44% შეადგინა, რაც 2009 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
ზორან მილანოვიჩი, რომელიც პოლიტიკაში 2000 წლიდანაა, მემარჯვენეა. მას ხშირად დონალდ ტრამპს ადარებენ. ის ღიად აკრიტიკებს ნატოსა და ევროკავშირს უკრაინისთვის სამხედრო და ჰუმანიტარული დახმარების გაწევის გამო და თვლის, რომ ხორვატია გლობალურ კონფლიქტებში მხარეს არ უნდა წარმოადგენდეს.