მთავარიამერიკააშშრატომ გრენლანდია?

რატომ გრენლანდია?

2024 წლის ნოემბერში საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ დონალდ ტრამპმა აშშ-ის კონტროლის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაფართოებაზე დაიწყო საუბარი.

პანამის არხის დაბრუნება ამერიკის სუვერენიტეტის ქვეშ, ჩრდილოეთის მეზობლის, კანადის, 51-ე შტატად შემოერთება, მექსიკის ყურის სახელის ამერიკის ყურედ გადარქმევა და გრენლანდიის მისაკუთრება – ასეთია ინაუგურაციამდე დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკის ხედვა, რომელსაც არაერთი ანალიტიკოსი იმპერიალისტურად აფასებს.

8 იანვარს მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში გამართულ პრესკონფერენციაზე დონალდ ტრამპს ჰკითხეს, გამორიცხავს თუ არა სამხედრო ძალის გამოყენებას გრენლანდიაზე კონტროლის დასამყარებლად. პასუხად არჩეულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ვერ გამორიცხავს და გრენლანდია მას ეკონომიკური და ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება.

დონალდ ტრამპ უმცროსი ნუუკში, გრენლანდია, 7 იანვარი, 2025 წელი Copyright Emil Stach/Ritzau Scanpix via AP

მაინც რატომ არის ტრამპისთვის ასეთი მნიშვნელოვანი გრენლანდია

ეკონომიკური და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, გრენლანდიაზე კონტროლი გაზრდიდა აშშ-ის გავლენას რესურსებით მდიდარ არქტიკულ რეგიონში, სადაც რუსეთიც და ჩინეთიც სულ უფრო მეტად ცდილობენ საკუთარი გავლენის განმტკიცებას.

ამიტომ, კუნძულის მდებარეობა –  აშშ-ს, რუსეთსა და ევროპას შორის – მას როგორც ეკონომიკური, ასევე თავდაცვის მიზნებისთვის სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს. სწორედ აქ არის შტატების ყველაზე ჩრდილოეთით მდებარე სამხედრო ბაზაც, რომელიც სარაკეტო გამაფრთხილებელი სისტემითაა აღჭურვილი.

დონალდ ტრამპის მოულოდნელი განცხადებების შემდეგ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმა აღნიშნა, რომ რუსეთი მდგომარეობას ყურადღებით აკვირდება.

„ჩვენ დაინტერესებულები ვართ არქტიკულ ზონაში მშვიდობიანი და სტაბილური გარემოს შენარჩუნებით. მზად ვართ, ამ კუთხით მსოფლიოს ყველა ქვეყანასთან ვითანამშრომლოთ. ეს ეხება აშშ-სა და დანიას შორის ორმხრივი ურთიერთობების საკითხს. ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით ვითარებას და მოვლენების ამ საკმაოდ დრამატულ განვითარებას. ჯერჯერობით, მადლობა ღმერთს, მხოლოდ განცხადებების დონეზეა“, – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა, რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა.

გრენლანდიაში მოიპოვება ძვირფასი, იშვიათი წიაღისეულიც, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილითაც, ძირითადად, ჩინეთი ვაჭრობს.

„რა გააჩნია გრენლანდიას? დიდი მოსახლეობა არ ჰყავს, სულ 57 000. აქვს მშვენიერი, თეთრი ყინული. ამ ყინულის ქვეშ აშშ-ის გეოლოგიური კვლევის თანახმად, არის დიდი რაოდენობით ნავთობი და ტრილიონობით კუბური ფუტი ბუნებრივი აირი. რაც უფრო მნიშვნელოვანია, მას აქვს იშვიათი ბუნებრივი რესურსები, რომლებიც ისეთი ტექნოლოგიების წარმოებისთვის გამოიყენება, როგორიცაა მობილური ტელეფონები… რასაც ახლა ძირითადად ჩინეთისგან ვიღებთ.

გრენლანდიას ნავთობზე, გაზსა და იშვიათ წიაღისეულზე მეტი ყინული აქვს. ძალიან დიდი რაოდენობით ყინული. 2500 ტრილიონ ტონაზე მეტი. ყოველწლიურად კი 200-300 ტონას კარგავს კლიმატის ცვლილების გამო და ყოველ წელს ყინული სულ უფრო სწრაფად დნება. ეს მთელი მსოფლიოსთვის ძალიან ცუდია. შეიძლება ამას ვერ ვიაზრებდეთ, მაგრამ გრენლანდია განსაზღვრავს ჩვენს მომავალს, კლიმატსა და ამინდს“, – თქვა სეთ ბორენსტინმა, Associated Press-ის წარმომადგენელმა.

დონალდ ტრამპის მიერ გამოთქმული პრეტენზია გრენლანდიის ტერიტორიაზე უარყოფითად შეაფასა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა.

„გრენლანდიის შესახებ გამოთქმული იდეა ცალსახად არ არის კარგი, ალბათ, რისი აღნიშვნაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ისაა, რომ ეს აშკარად არ მოხდება. ასე რომ, ალბათ, ამაზე საუბარში ბევრი დრო არ უნდა დავკარგოთ“, – განაცხადა ენტონი ბლინკენმა, განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა.

დონალდ ტრამპი არ არის აშშ-ის პირველი პრეზიდენტი, რომელმაც გრენლანდიის შეძენის სურვილი გამოთქვა. ამის მცდელობები ჰქონდათ პრეზიდენტების, ენდრიუ ჯონსონისა და ჰარი ტრუმანის ადმინისტრაციებსაც.

ვერცერთ შემთხვევაში შეთანხმება ვერ შედგა. ამჯერადაც, როგორც დანიის, ისე გრენლანდიის მთავრობებმა კატეგორიულად უარყვეს დონალდ ტრამპის წინადადება.

„ჩვენ არ ვიყიდებით და არც არასდროს გავიყიდებით. არ უნდა დავკარგოთ მრავალწლიანი ბრძოლა თავისუფლებისთვის“, – განაცხადა გრენლანდიის პრემიერ-მინისტრმა მუტე ეგედემ დეკემბერში.

ჯერჯერობით, კვლავ ბუნდოვანია, სერიოზულად განიხილავს ტრამპი გრენლანდიის მისაკუთრებას, თუ მისი განცხადებები სასურველი ეკონომიკური თუ პოლიტიკური დათმობების მისაღები ტაქტიკაა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend