დონალდ ტრამპ უმცროსი გუშინ, 7 იანვარს, გრენლანდიას მოულოდნელად ეწვია. ვიზიტი მას შემდეგ დაიგეგმა, რაც მისმა მამამ, აშშ-ის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, გამოხატა არქტიკული ქვეყნის კონტროლის სურვილი, რითაც პოლიტიკოსებში დიდი კამათი გამოიწვია.
დონალდ ტრამპ უმცროსის მოულოდნელმა ვიზიტმა გრენლანდიის დედაქალაქი ნუუკი გაავსო ჟურნალისტებით, რომლებსაც ჰქონდათ ერთადერთი კითხვა: „რატომ ხართ აქ?“
„ჩვენ აქ ვართ, როგორც ტურისტები. გრენლანდია საოცარი ადგილია და ჩვენ დიდი ხანია აქ ჩამოსვლაზე ვსაუბრობდით. წესით, აქ გასულ გაზაფხულზე უნდა ჩამოვსულიყავი ჩემი თავისუფალი დროით, თუმცა ახლაც ძალიან მიხარია აქ ყოფნა“, – ამბობს დონალდ ტრამპ უმცროსი.
შვილის გრენლანდიაში ჩასვლიდან მალევე დონალდ ტრამპმა ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოს მამულში, პრესკონფერენცია გამართა.
მან კიდევ ერთხელ დაადასტურა საკუთარი ინტერესი გრენლანდიის შესყიდვასთან დაკავშირებით და არ გამორიცხა ამ მიზნის მისაღწევად სამხედრო ან ეკონომიკური ზეწოლის გამოყენება.
დონალდ ტრამპი, აგრეთვე, დაემუქრა დანიას და გააფრთხილა ვაშინგტონის მიერ კუნძულის შესყიდვის შეთავაზების უარყოფის შემთხვევაში მოვლენათა განვითარების შესახებ.
„დანიამ სწორი დასკვნა უნდა გააკეთოს, მაგრამ არავინ იცის, მათ საერთოდ სწორი ინტერესები თუ აქვთ. გრენლანდიაში ხალხი, ალბათ, ხმას მისცემს დამოუკიდებლობას, ან აშშ-თან შეერთებას. თუ დანია ამას უგულებელყოფს, მე მათ ძალიან მაღალ ტარიფებს დავუწესებ“, – ამბობს დონალდ ტრამპი, აშშ-ის არჩეული პრეზიდენტი.
მიმდინარე მოვლენებს დანიის პრემიერ-მინისტრი გამოეხმაურა და კიდევ ერთხელ დაადასტურა ურყევი პოზიცია იმის შესახებ, რომ გრენლანდია არ იყიდება.
„გრენლანდია გრენლანდიელი ხალხისაა. ეს ამაყი ხალხია, თავისი ენითა და კულტურით და როგორც ადრე ითქვა, გრენლანდიის პარლამენტის თავმჯდომარის, მუტე ეგედეს, მიერ – გრენლანდია არ იყიდება. აშშ ჩვენი უახლოესი პარტნიორია თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში და აგრეთვე, ჩრდილოატლანტიკურ რეგიონში, სადაც დაძაბულობა იზრდება. ჩვენი ინტერესია, რომ აშშ-მა დიდი როლი ითამაშოს ამის განსამუხტად“, – ამბობს დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიქსენი.
ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა ვაშინგტონი გრენლანდიაზე კონტროლის მოპოვებას ცდილობს.
1946 წელს აშშ-ის მაღალჩინოსნებმა დანიას 100 მილიონი დოლარის ოქრო შესთავაზეს მსოფლიოს უდიდესი კუნძულის სანაცვლოდ. გრენლანდიის ოფიციალური პირების თქმით, როგორც მაშინ, ვერც ახლა კუნძულს აშშ ვერ იყიდის.