მთავარისაქართველოეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში გადაიდო

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ვიზიტი საქართველოში გადაიდო

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას, საქართველოში ვიზიტი გადაიდო. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელ X-ის პირად გვერდზე დაწერა.

„დისკუსიებისა და მჭიდრო განხილვის შემდეგ გადავწყვიტე, საქართველოში ვიზიტი იმ დრომდე გადავდო, როცა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ჩართულობა ყველაზე ეფექტური იქნება.

ჩვენ მზად ვართ, მოვუსმინოთ ყველა ხმას და შევთავაზოთ დახმარება ეუთო/ოდირის საარჩევნო რეკომენდაციების განხორციელებაში“, – ნათქვამია პია კაუმას პოსტში.

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტის გადადებას გამოეხმაურა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.

„ქართველი ხალხი აფასებს თქვენ მიერ ქართული დემოკრატიისადმი ზრუნვას. ჩვენ გვჭირდება ეუთო ისე, როგორც არასდროს და ახალი არჩევნები!“ – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა პლატფორმა X-ზე.

4 იანვარს ევროპარლამენტარმა რიჰარდ კოლსმა პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ვიზიტს 8-10 იანვარს გეგმავდა. მოგვიანებით, ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა პია კაუმას მიმართეს ოფიციალური წერილით, რომელშიც მას ვიზიტის გადადებისკენ მოუწოდეს. ოპოზიციონერი ლიდერების შეფასებით, ეუთოს დელეგაციის ვიზიტი მიზანშეწონილად მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ ის ხელს შეუწყობს ახალი არჩევნების მოსამზადებელ პროცესებსა და აქციებისას დაკავებული პატიმრების გათავისუფლებას.

„საქართველოს დემოკრატიული პოლიტიკური ძალების სახელით მადლობას ვუხდით ეუთოს საპარლამენტო ასამბლეას და ODIHR-ს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების უზრუნველყოფისადმი გამოჩენილი უწყვეტი ერთგულებისთვის.

სამწუხაროდ, 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა კონსტიტუციური და საერთაშორისო დემოკრატიული პრინციპების უხეში დარღვევით. ფალსიფიკაციის მასშტაბმა და ინტენსივობამ ძირი გამოუთხარა საარჩევნო პროცესის ლეგიტიმურობას და საზოგადოებრივ ნდობას. შედეგად, დღეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ დეპუტატებით დაკომპლექტებული „პარლამენტი“ და მის მიერ არჩეული „პრეზიდენტი“ ვერ ჩაითვლება ლეგიტიმურად და ვერ გამოხატავს ქართველი ხალხის ნებას.

ბოლო პერიოდში საქართველოში მიმდინარე მშვიდობიანი პროტესტების მონაწილეთა მიმართ განხორციელდა რეპრესიები, უკანონოდ დააკავეს და იძალადეს. დღეს 50-ზე მეტი ადამიანი რჩება ციხეში, ასობით კი ადმინისტრაციული ბრალდებების წინაშე დგას.

თვითმარქვია რეჟიმის მიზანი საერთაშორისო აღიარების მოპოვებაა. სამწუხაროდ, მსგავსი ვიზიტები ხშირად გამოიყენება მათ მიერ პროპაგანდისტული მიზნებისთვის, რაც კიდევ უფრო ართულებს დემოკრატიული ძალებისა და სამოქალაქო საზოგადოების მდგომარეობას.

იმის გათვალისწინებით, რომ „ქართული ოცნების“ თვითმარქვია რეჟიმი არ განიხილავს არც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და არც ახალი არჩევნების ჩატარებას, ვიზიტი მიზანშეწონილად მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება, თუ ის ხელს შეუწყობს ახალი არჩევნების მოსამზადებელ პროცესებსა და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებას.

ამ პირობებში ვიზიტის გადადება იქნება საუკეთესო გადაწყვეტილება, ვიდრე რეჟიმი არ აიღებს ვალდებულებას ახალი არჩევნების დანიშვნისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მიმართ“, – ნათქვამი იყო სამი ოპოზიციური კოალიციის – „ძლიერი საქართველოს“, „ცვლილებისთვისა“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთობლივ განცხადებაში.

5 იანვარს პია კაუმას წერილით მიმართა პარტიის „გახარია-საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ. ექს-პრემიერმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს მოუწოდა საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის მიზნებისთვის გადაეხედა.

„ქალბატონო პრეზიდენტო, მოგიწოდებთ, გადახედოთ თბილისში თქვენი ვიზიტის დროს და მიზანს, რათა უზრუნველყოთ ის შეესაბამებოდეს დემოკრატიის, ანგარიშვალდებულებისა და ადამიანის უფლებების პრინციპებს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი ერთგულება დიალოგის ხელშეწყობისადმი დაფასებულია, მიმაჩნია, რომ თქვენმა ვიზიტმა და ჩვენმა შეხვედრამ ამ კონკრეტულ მომენტში, შესაძლოა, ბოლომდე ვერ მიაღწიოს დანიშნულ მიზანს. გწერთ, რათა გამოვხატო ღრმა შეშფოთება საქართველოს პოლიტიკური კრიზისის ამ გადამწყვეტ მომენტში თბილისში დაგეგმილი თქვენი ვიზიტის გამო. მიუხედავად იმისა, რომ თქვენი, როგორც ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის ხელმძღვანელობა და ვალდებულება ფართოდ არის დაფასებული, ამ ვიზიტის დრო ბადებს მნიშვნელოვან კითხვებს სამართლიანობისა და ევროპული მომავლისთვის ქართველი ხალხის უწყვეტ ბრძოლაზე მისი პოტენციური ზეგავლენის გამო“, – ნათქვამია პარტიის „გახარია-საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას, წერილში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend