მთავარისაქართველოუფლებადამცველი ორგანიზაციები პოლიციელების გადაცდომებზე საუბრობენ

უფლებადამცველი ორგანიზაციები პოლიციელების გადაცდომებზე საუბრობენ

ადამიანის უფლებადამცველი ორგანიზაციები საპროტესტო აქციებზე პოლიციის მხრიდან დაშავებული და დაზარალებული მოქალაქეების იურიდიულ დახმარებას განაგრძობენ.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ დღეს, 23 დეკემბერს, გამართა პრესკონფერენცია. მან პოლიციელების მიერ დაკავებული მოქალაქეების პირადი ნივთების არამართლზომიერად დაუფლების საკითხზე ისაუბრა.

„იყო შემთხვევები, როდესაც მობილური ტელეფონი დაკავებულებს ჩამოართვეს განყოფილებაში, თუმცა, გათავისუფლებისას ამ პირებს არ დაუბრუნდათ ნივთები. ნივთების ჩამორთმევაში გარკვეულ შემთხვევებში მონაწილეობდნენ სპეცრაზმის თანამშრომლები და განყოფილებებსა თუ დროებითი მოთავსების იზოლატორებში დაკავებულების გადაყვანისას შესაბამის დოკუმენტებში აღინიშნებოდა, რომ მათ რაიმე ტიპის ნივთები არ ჰქონდათ დაწესებულებაში მიყვანის დროისთვის.

აღსანიშნავია, რომ უმეტესად დაკავებულებს ნივთები არ ჩამორთმევიათ კანონმდებლობით დადგენილი წესით. ცალკეულმა სამართალდამცავებმა კანონსაწინააღმდეგო გზით მიისაკუთრეს, ან დაკავებულთა დასჯის მიზნით გადაყარეს, რათა მათ აღარ ჰქონოდათ ნივთების დაბრუნების შესაძლებლობა.

ზოგ შემთხვევაში დაზარალებულებმა შეძლეს მათი ტელეფონის ადგილმდებარეობის დადგენა, რაზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურიც ინფორმირებულია, თუმცა, უწყების მხრიდან რაიმე სახის რეაგირებას დღემდე არ ჰქონია ადგილი. მაგალითისთვის, ერთ-ერთი დაზარალებულის ტელეფონი ჩართეს ქალაქ გორში. რამდენიმე შემთხვევაში კი, მობილური ტელეფონები გამოვლინდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, პარლამენტის და სხვა სახელმწიფო უწყებების ადმინისტრაციული შენობების ტერიტორიაზე. აღნიშნული ფაქტების ანალიზით დგინდება, რომ რიგ შემთხვევაში ნივთების ჩამორთმევა ხდებოდა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით და ამ მოქმედებას არავითარი საერთო არ აქვს სამართლებრივ პროცედურასთან.

ამდენად, ამ დრომდე დაკავებულებს არ აქვთ ინფორმაცია, როდის დაუბრუნდებათ ჩამორთმეული/წართმეული ნივთები, ასევე, უცნობია გარკვეული ნივთების ადგილსამყოფელი. მნიშვნელოვანია, ცალკეული საქმეების შესაბამისი კვალიფიკაციით ობიექტური გამოძიება და იმ პირების დასჯა, რომლებიც მონაწილეობდნენ ნივთების თვითნებურ და უკანონო ჩამორთმევასა და მისაკუთრებაში”, – განაცხადა ქურდოვანიძემ.

ამავე ბრიფინგზე განცხადება გააკეთეს იმ მოქალაქეებმა, რომლებიც პოლიციისგან საკუთარი ნივთების დაბრუნებას ითხოვენ, თუმცა ამ დრომდე უშედეგოდ.

უახლესი

სხვა ამბები

00:03:30
spot_imgspot_img
Send this to a friend