მთავარიევროპასერბეთი“შენს ხელებზე სისხლია!' - მასშტაბური აქცია სერბეთში

“შენს ხელებზე სისხლია!’ – მასშტაბური აქცია სერბეთში

„სისხლია შენს ხელებზე“ – ეს არის ფრაზა, რომელიც სერბეთში საპროტესტო მოძრაობის დევიზად იქცა.

პროცესები მაშინ დაიწყო, როდესაც პირველ ნოემბერს ჩრდილოეთ სერბეთის ქალაქ ნოვისადში რკინიგზის სადგურის შენობა ჩამოინგრა და 15 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მანამდე სადგური რამდენჯერმე განაახლეს, მის რესტავრაციაზე ჩინურმა კომპანიამ იზრუნა. შემთხვევის შედეგად მალევე ქვეყანაში მასობრივი საპროტესტო აქციები დაიწყო.

დემონსტრაციები ძირითადად სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში იმართება, თუმცა გამოსვლები ეწყობა რამდენიმე სხვა ქალაქშიც, კერძოდ, ნოვისადში, ნიშსა და კრაგუევაცში.

თავდაპირველად, ქუჩაში გამოსვლისკენ ხალხს ოპოზიციური პარტიები მოუწოდებდნენ, თუმცა მოგვიანებით, საპროტესტო აქციების ორგანიზება მალე სტუდენტებმა აიღეს თავიანთ თავზე. მათი თქმით, უბედური შემთხვევა შედეგია კორუფციისა და საიდუმლო გარიგებებისა, რომელთა შესახებაც მოსახლეობას არაფერს ეუბნებიან.

ოპოზიციონერი დეპუტატების მტკიცებით, ამ საქმეში მოქმედი მინისტრები იყვნენ ჩართული.

“ათწლეულია ქუჩაში ვდგავარ და ვფიქრობდი, რომ პროტესტს უკვე აზრი აღარ ჰქონდა. თავი დავანებე, თუმცა ახლა აქ გამოსვლა მომიწია, ახალგაზრდების მხარდასაჭერად. თუ შეგვიძლია, უნდა დავეხმაროთ. ნებისმიერ შემთხვევაში, მე აქ ვარ“, – ამბობს დანიელ გლიდი, აქციის მონაწილე.

პირველივე დღეებში სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდარ ვუჩიჩმა სამთავრობო მედიის დახმარებით, საპროტესტო აქციების შესახებ დეზინფორმაცია გაავრცელა. მისი თქმით, დემონსტრაციებზე მყოფ ახალგაზრდებს დასავლეთი აფინანსებს და მათ ქვეყანაში არეულობის შემოტანა სურთ.

„ჩემი მთავარი გზავნილი სერბეთის ყველა მოქალაქისადმი ისაა, რომ აუცილებლად გავიმარჯვებთ მოძალადეებზე. ჩვენ მათ დავამარცხებთ ყველგან, კანონის უზენაესობით, არჩევნებით. ჩვენ ვაჩვენებთ მათ, რა განსხვავებაა ნორმალურ, ღირსეულ სერბეთსა და მჩაგვრელების სერბეთს შორის. რადიკალების ოდნავადაც კი არ გვეშინია“, – ამბობს ალექსანდარ ვუჩიჩი.

დემონსტრანტებს სპეციალური დანიშნულების რაზმი დაუპირისპირდა, დაპირისპირება იყო სერბეთის პარლამენტშიც, როდესაც ოპოზიციონერმა დეპუტატმა ჩამოკიდა ბანერი, წარწერით: „სისხლია შენს ხელებზე“.

აქციის მონაწილეთა მთავარი მოთხოვნა რკინიგზის რეაბილიტაციასთან დაკავშირებული ყველა პირის პასუხისგებაში მიცემა იყო. უნივერსიტეტის ორმოცზე მეტმა ფაკულტეტმა ლექციების ჩატარება რამდენიმე დღით შეაჩერა.

აქციის მასშტაბურობამ ალექსანდარ ვუჩიჩი აიძულა, დათმობაზე წასულიყო, კერძოდ, გადადგა ვაჭრობის მინისტრი, ტომისლავ მომიროვიჩიგორან ვესიჩი კი, ტრანსპორტის, მშენებლობისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, დააკავეს. დამატებით დააპატიმრეს 11 ადამიანი, რომლებიც ჩართული იყვნენ სადგურის რეაბილიტაციის პროცესში.

„როგორც ხედავთ, ჩემი ნებით დავთანხმდი, შევასრულო ყველაზე მნიშვნელოვანი მოთხოვნები, რომლებიც აუცილებელია სიმართლის დასადგენად. მე ეს გავაკეთე იმისთვის, რათა ვიპოვოთ ყველა, ვინც პასუხისმგებელია 15 ადამიანის ტრაგიკულ სიკვდილზე“, – ამბობს ალექსანდარ ვუჩიჩი.

მიუხედავად ამისა, საპროტესტო აქციები სერბეთში გრძელდება. მომიტინგეები მოითხოვენ, გადადგნენ სერბეთის პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი. ისინი მათი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებასაც მოითხოვენ. მოვლენებს გუშინ, 22 დეკემბერს ალექსანდარ ვუჩიჩი გამოეხმაურა და კვლავ გამოხატა მზადყოფნა დისკუსიისთვის.

„დიდი შეკრება გაიმართა ბელგრადში. პოლიციის თქმით, აქციაზე 28-29 ათასი ადამიანი იყო. ნამდვილად დიდი დემონსტრაციაა. ეს ხალხი ოპოზიციის მხარდამჭერია და მე ყოველთვის მზად ვიყავი, მომესმინა მათი აზრი – რას ფიქრობენ ჩვენი ქვეყნის საჭიროებების შესახებ. მჯერა, რომ ბევრად მეტი ადამიანი სხვაგვარად ფიქრობს, ამიტომაც ერთმანეთს უნდა მოვუსმინოთ, რადგან ესაა ის ფასეულობა, რომელიც მომავალში ჩვენ შორის ურთიერთობას ჩამოაყალიბებს“, – ამბობს ალექსანდარ ვუჩიჩი.

ქალაქ ნოვისადში მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით გამოძიება კვლავ მიმდინარეობს. აქციის მონაწილეებსა და ხელისუფლებას შორის დიალოგი ჯერ არ შემდგარა, თუმცა პრეზიდენტი ვუჩიჩი ამისთვის მზად არის.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend