ლიტერატურული კონკურსის, „საბას”, გამარჯვებულები ცნობილია. საქართველოში მიმდინარე პროცესების გამო „საბას“ 22-ე საზეიმო დაჯილდოება არ ჩატარდა. ჟიურიმ, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ პროზაიკოსი ბიძინა მაყაშვილი, პოეტი პაატა შამუგია, მთარგმნელი თამარ ჯაფარიძე, ლიტერატორი გვანცა ჩხენკელი და პოეტი ლია ლიქოკელი, 250-მდე წიგნი განიხილა და 10 სხვადასხვა ნომინაციაში 11 გამარჯვებული გამოავლინა.
წლის საუკეთესო ლიტერატურული დებიუტისთვის საბა გადაეცა აინე მერმეს წიგნისთვის „ეუარა”; წლის საუკეთესო კრიტიკის ნომინაციაში „საბას“ გამარჯვებული გახდა ნონა კუპრეიშვილის „საშიში ინტერპრეტაციები“; წლის საუკეთესო პიესის ნომინაციაში გაიმარჯვა გიორგი მაისურაძის „ლეთემ”; წლის საუკეთესო ესეისტიკა და დოკუმენტური პროზის კატეგორიაში გაიმარჯვა ზაზა ბურჭულაძის „ჩემმა სიმღერამ“.
ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ დაწესებული სპეციალური ჯილდოს მფლობელი კი, გახდა ლაშა ბუღაძის „საქართველოს სახელით“.
წლის საუკეთესო ქართული თარგმანი – ზაზა ჭილაძე და გია ჭუმბურიძე, სიუზენ ზონტაგის „ფოტოგრაფია“.
ნომინაციაში წლის საუკეთესო პროზაული კრებული გაიმარჯვა მარი ბექაურმა კრებულით „ორ ზღვას შუა“. წლის საუკეთესო პოეტური კრებულის კატეგორიის გამარჯვებული გახდა ბესიკ ხარანაული.
ნომინაციაში „წლის საუკეთესო რომანი“ ორი გამარჯვებული გამოავლინეს – ბესო სოლომანაშვილი, „ლუმპენ მილენიუმი“ და დავით ქართველიშვილი, „მეგაპოლისი და ფიზიკური პირები.”
ქართულ ენასა და ლიტერატურაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდო გადაეცა ენათმეცნიერსა და ფილოლოგს, მზექალა შანიძეს.