„აშშ დამატებითი სანქციების დაწესებისთვის ემზადება იმ პირებისთვის, რომლებიც საქართველოში დემოკრატიას ძირს უთხრიან” – ამის შესახებ შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა განაცხადა.
მისი თქმით, მოქმედი ადმინისტრაციის პირობებში, შესაძლოა, „ქართული ოცნების” ქმედებების საპასუხოდ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა შესაბამისი ზომები კიდევ მიიღოს. ვედანტ პატელმა თქვა, რომ აშშ მხარდაჭერას უცხადებს ქართველ ხალხსა და მათ ევროატლანტიკურ მისწრაფებებს.
„ოთხი-ხუთი კვირა საკმაოდ დიდი დროა. ბევრი რამ შეიძლება მოხდეს ამ 4-5 კვირაში. ამ ადმინისტრაციას ჯერ კიდევ აქვს დარჩენილი მოქმედების სივრცე. საბოლოო ჯამში, მთავარი ის არის, რომ ჩვენ სოლიდარულები ვართ და მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. როგორც სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა განაცხადა, ჩვენ ვამზადებთ დამატებით ნაბიჯებს, მათ შორის, სანქციებს, რათა პასუხისმგებლობა დავაკისროთ მათ, ვისზეც ვფიქრობთ, რომ ძირს უთხრიან დემოკრატიას საქართველოში”, – განმარტა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის მოადგილემ ვედანტ პატელმა.
5 დეკემბერს, შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ საქართველოში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლების წინააღმდეგ დამატებითი სანქციების დაწესება იგეგმება.