მოსკოვში აფეთქების შედეგად დაიღუპა რუსეთის ბირთვული, ბიოლოგიური და ქიმიური თავდაცვის ძალების გენერალი იგორ კირილოვი. რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის ცნობით, ასაფეთქებელი მოწყობილობა საცხოვრებელ კორპუსთან ახლოს სკუტერში იყო ჩადებული. გარდაცვლილი კირილოვი და მისი თანაშემწე სწორედ ამ კორპუსთან გუშინ, 17 დეკემბერს, იპოვეს.
„ის იყო სამხედრო ლიდერი, ერთგული თავისი მოვალეობისა და ფიცისა. ყველას ესმის, რაც მოხდა და რა უნდა გაკეთდეს. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება ახლახან დაიწყო, ჩვენმა მტრებმა უკვე აღიარეს, რომ ჩართული არიან ამ საქმეში“, – ამბობს დმიტრი მედვედევი, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და ყოფილი პრეზიდენტი.
კირილოვის მკვლელობაზე პასუხისმგებლობა უკრაინამ აიღო. მანამდე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა კირილოვს უკრაინაში აკრძალული ქიმიური იარაღის გამოყენების გამო ბრალი წაუყენა.
იგორ კირილოვი სანქცირებული იყო დიდი ბრიტანეთისა და კანადის მიერ.
„ეს რუსეთის მხრიდან აგრესიის აქტია, რომელიც ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გრძელდებოდა. ამ კრიტიკულ პერიოდში ჩვენ უკრაინის გვერდით უნდა ვიდგეთ“, – ამბობს კირ სტარმერი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი.
აფეთქებასთან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია.