სირიის ახალი მთავრობის ადმინისტრაცია სირიის მთავარ საერთაშორისო აეროპორტს მას შემდეგ აკონტროლებს, რაც ბაშარ ალ-ასადის მთავრობის წევრებმა და უსაფრთხოების ძალებმა უკან დაიხიეს, ფრენები გააჩერეს და მგზავრებს არ მისცეს გამოსვლის საშუალება.
დამასკოს აეროპორტში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. ამბოხებულთა ალიანსის წევრებმა, რომლებიც აკონტროლებენ სირიას, დაიკავეს დამასკოს საერთაშორისო აეროპორტი იმ იმედით, რომ აღადგენდნენ უსაფრთხოებას, ნდობასა და ლეგიტიმაციას, რომელიც საჭიროა დედაქალაქიდან ფრენების განსაახლებლად.
სირიაში მოქალაქეების ცხოვრება ჩვეულ რიტმს უბრუნდება. გაიხსნა მაღაზიები და ხალხიც მშვიდად გადაადგილდება. ასევე გაიხსნა ბანკები და სამთავრობო დაწესებულებები. სახალხო მოედნებზე მოქალაქეები კვლავ ზეიმობენ ბაშარ ალ-ასადის ხელისუფლების ჩამოშლას.
სირიის გარდამავალი კაბინეტის ხელმძღვანელმა მუჰამედ ალ-ბაშირმა საზღვარგარეთ მცხოვრებ სირიელებს შინ დაბრუნებისკენ მოუწოდა. მეზობელი ქვეყნებიდან ათასობით ლტოლვილი მოემართება სირიისკენ.
სირიაში არასტაბილური ვითარება მას შემდეგ შეიქმნა, რაც სირიელმა მეამბოხეებმა რამდენიმე დიდი ქალაქი დაიკავეს, 8 დეკემბერს კი დედაქალაქში შევიდნენ და განაცხადეს, რომ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაამხვეს.