სირიის გარდამავალი მთავრობის ლიდერმა მოჰამედ ალ-ბაშირმა განაცხადა, რომ იგი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის მოვალეობას 1-ელ მარტამდე შეასრულებს. მან რამდენიმე დღის წინ მეამბოხეების მხარდაჭერით ბაშარ ალ-ასადის მთავრობა დაამხო.
სირიის ყოფილი პრემიერი ალ-ბაშირს პირველად მას შემდეგ შეხვდა, რაც ასადი დამასკოდან გაიქცა.
მოჰამედ ალ-ბაშირი დროებითი მთავრობის ფორმირებას უხელმძღვანელებს.
ახალ ხელმძღვანელობასთან დაკავშირებით თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოპტიმისტურად არის განწყობილი.
უკვე მესამე დღეა, დამასკოში ხალხი ასადის ხელისუფლების დამარცხებას ზეიმობს. მიუხედავად ისრაელის საჰაერო იერიშებისა ბანკები და მაღაზიები აგრძელებენ მუშაობას.
ბაიდენის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ აღიარებს და მხარს დაუჭერს სირიის ახალ მთავრობას, რომელიც შეეწინაღმდეგება ტერორიზმს, გაანადგურებს ქიმიური იარაღის მარაგებს და დაიცავს უმცირესობებისა და ქალების უფლებებს.
სირიაში არასტაბილური ვითარება მას შემდეგ შეიქმნა, რაც სირიელმა მეამბოხეებმა რამდენიმე დიდი ქალაქი დაიკავეს, 8 დეკემბერს კი დედაქალაქში შევიდნენ და განაცხადეს, რომ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმი დაამხეს.