„საქართველოში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით განიხილავენ გარკვეული კატეგორიის პირებისთვის სავიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმის შესაძლო გააქტიურებას” – ამის შესახებ ევროკომისიის მიერ მომზადებულ ანგარიშშია აღნიშნული. ანგარიშს ავრცელებს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში.
ასევე ნათქვამია, რომ „საქართველომ გადაუდებელი ზომები უნდა მიიღოს კომისიის რეკომენდაციების შესასრულებლად“, რათა თავიდან აიცილოს შეჩერების მექანიზმის შესაძლო ამოქმედება.
ანგარიშში განხილულია ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის კონტექსტში არსებული სხვადასხვა კრიტერიუმი, როგორებიცაა: სავიზო პოლიტიკის შესაბამისობაში მოყვანა, დოკუმენტების უსაფრთხოება, საზღვრის ინტეგრირებული მართვა, მიგრაციის მართვა და თავშესაფრის მინიჭება, არალეგალური მიგრაციის ტენდენციების მონიტორინგი, საზოგადოებრივი წესრიგი და უსაფრთხოება, საგარეო ურთიერთობები და ფუნდამენტური უფლებები.