რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგები გააუქმა. ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის განცხადებით, საარჩევნო პროცესში ულტრამემარჯვენე კანდიდატის სასარგებლოდ რუსეთი ჩაერია და ფართო, კოორდინირებული ონლაინკამპანია აწარმოვა.
პრეზიდენტი კლაუს იოჰანისის მიერ გასაჯაროებული სადაზვერვო ცნობების თანახმად, კრემლმა სოციალურ მედიაპლატფორმა TikTok-ზე ათასობით ანგარიში გამოიყენა კალინ გეორგესკუს კანდიდატურის პოპულარიზაციისთვის. შესაბამისად, ულტრამემარჯვენე კანდიდატმა მოულოდნელად ამომრჩეველთა 23%-ის მხარდაჭერით პირველი ადგილი დაიკავა.
კალინ გეორგესკუს კამპანია, რომლის წინასაარჩევნო დაპირებებიც „რუმინელი ერის ღირსების აღდგენასა“ და უკრაინისთვის მხარდაჭერის შეწყვეტას მოიცავდა, მთლიანად TikTok-ზე წარიმართა. მისივე განცხადებით, ნაციონალისტ პოლიტიკოსს, რომელიც არცერთი პარტიის წევრი არაა, კამპანიის წარმოებაში თანხა საერთოდ არ დაუხარჯავს.
დამოუკიდებელ მემარჯვენე კალინ გეორგესკუსა და „რუმინეთის გადარჩენის კავშირის წევრ, რეფორმისტ ელენა ლასკონის შორის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 8 დეკემბერს უნდა გამართულიყო. თუმცა ახლა რუმინეთის ხელისუფლებას არჩევნების ხელახლა დაგეგმვა მოუწევს.