„კოალიცია ცვლილებისთვის” ლიდერს, ნიკა გვარამიას, 12-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა.
ნიკა გვარამია 4 დეკემბერს „დროას” ოფისთან მაშინ დააკავეს, როდესაც შენობაში მიმდინარე ჩხრეკაზე დასწრებას იურისტის სტატუსით ითხოვდა. ამ მოთხოვნაზე „კოალიცია ცვლილებებისთვის” ლიდერს უარი უთხრეს, რასაც მასსა და სამართალდამცველებს შორის ჯერ სიტყვიერი, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.
„თუ შეიძლება დამანახეთ კადრები, სადაც მე ვეუბნები პოლიციელს წესიერად დამელაპარაკე, შეურაცხყოფას ნუ მაყენებ, თქვენობით მელაპარაკე. დიდი ბოდიში დაუსრულებელი სერიით გინების, ყველა მიიღებს იმას, რასაც მიიღებს…არ არსებობდა არანაირი ფიზიკური ზეწოლა, გინება იყო პასუხი… შევახსენებ ყველას, ოქმის გაყალბება არის სისხლის სამართლის დანაშაული, იმის ცოდნა, რომ ოქმი გაყალბებულია და მიგაქვს მტკიცებულება და გინდა, ადამიანს უკანონოდ შეეფარდოს თავისუფლების აღკვეთა, არის ორჯერ უფრო მეტად სისხლის სამართლის დანაშაული…მიიღეთ კანონიერი გადაწყვეტილება და საქმეში შეიტანეთ თქვენი წვლილი, ამ საქმეს ჰქვია სამშობლოს გადარჩენა”, – ასე მიმართა სასამართლოსა და შსს-ს წარმომადგენლებს ნიკა გვარამიამ.
„სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ნიკა გვარამიამ არ შეასრულა პოლიციელის კანონიერი მოთხოვნა და ამის გამო შეეფარდა ადმინისტრაციული პატიმრობა 12 დღით. ცხადია, უამრავი დარღვევა იყო, როგორც პროცედურული, ისე შინაარსობრივი, მაგრამ ვიმეორებ, არაფერი მოულოდნელი არ ყოფილა იმიტომ, რომ მე პირადად ზუსტად ვიცოდი, ვიყავი არა სასამართლო სხდომაზე, არამედ მონაწილეობის მიღება მიწევდა სამწუხაროდ, სპექტაკლში, სადაც როლები იყო განაწილებული. ამ სპექტაკლში მონაწილეობდნენ „ომონის“ წარმომადგენლები, მოსამართლის მანტიაში ჩაცმული პირი ასრულებდა ვითომ მოსამართლის როლს და ჩვენც გვიწევდა ნიკა გვარამიას ინტერესების დაცვა. ზუსტად ვიცოდი, რომ არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა არც მტკიცებულებებს, არც არგუმენტაციას – გამოცხადდებოდა ის გადაწყვეტილება, რა დავალებაც იყო გაცემული“, -განაცხადა ნიკა გვარამიას ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა.
ნიკა გვარამიას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების დარღვევას ედავებიან, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.