მთავარიმსოფლიოსერგეი ლავროვმა ტელეკომპანია Fox News-ის ყოფილ წამყვანთან, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუ ჩაწერა

სერგეი ლავროვმა ტელეკომპანია Fox News-ის ყოფილ წამყვანთან, ტაკერ კარლსონთან ინტერვიუ ჩაწერა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ტელეკომპანია Fox News-ის ყოფილ წამყვანთან ტაკერ კარლსონთან ინტერვიუ რამდენიმე დღის წინ მოსკოვში ჩაწერა.

ინტერვიუ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დღეს, 6 დეკემბერს გამოაქვეყნა.

ინტერვიუში სერგეი ლავროვმა ისაუბრა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის შესახებ. ლავროვის თქმით, ტრამპი დისკუსიებში ყოველთვის მეგობრული იყო, თუმცა ის პრორუსი არასდროს ყოფილა და სანქციების რაოდენობა, რომელიც რუსეთს დაუწესა, ძალიან დიდი იყო.

“ვფიქრობ, რომ დონალდ ტრამპი ძალიან ძლიერი პიროვნებაა. ის არის ადამიანი, რომელსაც სურს, დაინახოს შედეგები და რომელსაც არ უყვარს საქმის გაჭიანურება. ეს ჩემი პირადი დასკვნაა. დისკუსიებში ის ძალიან მეგობრულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ის პრორუსია, როგორც მის წარმოჩენას ცდილობენ. სანქციების რაოდენობა, რომელიც მისი ადმინისტრაციის დროს დაგვიწესეს, ძალიან, ძალიან დიდი იყო“, – ამბობს სერგეი ლავროვი.

სერგეი ლავროვმა ისაუბრა საქართველოში მიმდინარე მოვლენებზეც. მან აღნიშნა, რომ ეუთოს სადამკვირვებლო მისია საპარლამენტო არჩევნებს აკვირდებოდა და დადებითი ანგარიშიც გამოაქვეყნა, თუმცა მას არაფრად აგდებენ, რადგან დასავლეთში არჩევნების შედეგები არ მოეწონათ.

“თუ თქვენ გააანალიზებთ აშშ-ის საგარეო პოლიტიკას, მათ ნაბიჯებს, ან უფრო სწორი იქნება ვთქვათ, თავგადასავალს, ისინი ქმნიან პრობლემებს და შემდეგ ფიქრობენ, როგორ გამოიყენონ ეს სიტუაცია. ეუთოს მისია რუსეთში, ბელარუსსა და ყაზახეთში არჩევნებს ყოველთვის უარყოფითად აფასებდა. ამჯერად საქართველოში აკვირდებოდა იგი საპარლამენტო არჩევნებს და დადებითი ანგარიშიც გამოაქვეყნა, თუმცა ამას არაფრად აგდებენ, რადგან მათ შედეგები არ მოსწონთ“, – ამბობს სერგეი ლავროვი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ინტერვიუში ლავროვი შეეხო ნატოს გაფართოების საკითხსაც. ის თვლის, რომ საქართველოსა და უკრაინის ნატოში გაწევრიანება მხოლოდ სიტყვიერი დაპირება იყო, თუმცა ამ დაპირებამ ზოგიერთ ლიდერს რეალობის შეგრძნება დააკარგვინა.

„2008 წელს, ნატოს ბუქარესტის სამიტის შემდეგ, მათ თქვეს, რომ საქართველო და უკრაინა გახდებოდნენ ნატოს წევრები. ეს უბრალოდ სიტყვიერი დაპირება იყო, თუმცა ზოგიერთი ადამიანი ამით შეპყრობილი გახდა. ეს პირველად თბილისში მოხდა, როდესაც სააკაშვილმა რეალობის გრძნობა დაკარგა და საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ომი დაიწყო ტერიტორიაზე, სადაც რუსი სამშვიდობოები იყვნენ. ეს ევროკავშირის საგამოძიებო დელეგაციამაც დაადასტურა“, – განაცხადა სერგეი ლავროვმა.

„არ იქნება არანაირი ნატო, არანაირი სამხედრო ბაზა და წვრთნა უცხო ქვეყნის ჯარების მონაწილეობით უკრაინის ტერიტორიაზე! თუმცა გვეუბნებიან, რომ ჩვენ არსებული რეალობა უნდა გავითვალისწინოთ. რეალობა კი ისაა, რომ რუსეთის კონსტიტუციაში შევიდა ცვლილებები დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკებში, აგრეთვე ხერსონისა და ზაპორიჟიის რეგიონებში რეფერენდუმის შემდეგ და ახლა ეს ტერიტორიები რუსეთის ფედერაციის ნაწილია. აი, ეს არის რეალობა“, – ამბობს სერგეი ლავროვი.

Fox News-ის ყოფილი წამყვანს, ტაკერ კარლსონს, ხშირად ამერიკელ პოპულისტად და შეთქმულების თეორიების მიმდევარ ჟურნალისტად მოიხსენიებენ.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend