„კონსტიტუციას დანა ჩაარტყეს და მთლიანად დახიეს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საკონსტიტუციო სასამართლოს განჩინებასთან დაკავშირებით. განჩინების მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო პრეზიდენტისა და ოპოზიციონერი პოლიტიკოსების სარჩელი 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ.
„ისმის და ისმოდა კითხვა, თუ რატომ შევიტანეთ სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში, როცა უკვე ვიცოდით, თუ რა დღეში იყო მთელი სასამართლო სისტემა. ამაზე მე უნდა ვაგო პასუხი, რამეთუ ეს ჩემი გადაწყვეტილება იყო. იმის იმედი თუ ნდობა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებდა ქვეყნისთვის სწორ გადაწყვეტილებას, იყო მცირე, მაგრამ ჩემთვის ყოველთვის არსებობს ადამიანების იმედი, მით უმეტეს, ამ ქვეყანაში, სადაც ადამიანებმა არაერთხელ გამოაჩინეს შინაგანი ძალა…“ – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში გამართულ ბრიფინგზე.
პრეზიდენტის თქმით, მას ჰქონდა იმედი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთაგან სამი მაინც მიიღებდა გადაწყვეტილებას, რომელიც ქვეყანას „მშვიდობას, კონსტიტუციურ წყობასა და პოლიტიკურ პროცესს“ დაუბრუნებდა.
„შევცდი! შევცდი და დღეს ვართ იმ ძალიან სახიფათო მდგომარეობაში, როცა ქვეყანას აღარ გააჩნია არანაირი, რეალურად კონსტიტუციური ძალაუფლება. დანა ჩაარტყეს კონსტიტუციას და მთლიანად დახიეს“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ მისი პასუხისმგებლობაა, ქვეყანა ახალ არჩევნებამდე მიიყვანოს.
„ხელისუფლებას რჩება ერთი კონსტიტუციური, ლეგიტიმური ინსტიტუტი და ეს მე ვარ. ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. მეორე მხარეს რჩება ერთი ადამიანი, რომელმაც ამ ქვეყანაში ძალაუფლების სრული უზურპაცია მოახდინა. ძალაუფლების! და დააწესა ძალადობრივი რეჟიმი. ეს არის ივანიშვილი და ჩვენ ამ ქვეყნისთვის უნდა მოვნახოთ გამოსავალი, რომელიც იქნება მშვიდობიანი. მისი პასუხისმგებლობა იქნება, დააბრუნოს თავისი რეჟიმი არაძალადობრივ გზაზე. მოუსმინოს ხალხს! ჩემი პასუხისმგებლობაა, რომ ეს ქვეყანა წავიყვანო ახალ არჩევნებამდე, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს თავის ხვალინდელ ხელისუფლებას”, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ბრიფინგამდე პრეზიდენტი სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა.
„დღეს, 3 დეკემბერს, საკონსტიტუციო სასამართლომ უბრალოდ თვითლიკვიდაცია გამოაცხადა. დღეს საკონსტიტუციო სასამართლო ფიზიკურად არ არსებობს…
სასამართლოს უნდა გადაეწყვიტა ქვეყნის არსებობა-არარსებობის საკითხი. მას ჰქონდა შესაძლებლობა, ეს შიშველი ძალაუფლება რაღაცნაირად მოეთოკა და მოექცია კონსტიტუციის ფარგლებში.
ძალიან დასანანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებმა არამარტო არ გაიგეს რა ეწერა სარჩელებში, არამედ არ და ვერ გაიგეს, და არ დაინახეს ასიათასობით ადამიანის ხმა“, – განაცხადა საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილმა მოსამართლემ ქეთევან ერემაძემ.