საქართველოს სახალხო დამცველი ამბობს, რომ სახელმწიფომ და საზოგადოებამ პატივი უნდა სცეს და დაიცვას არასრულწლოვანთა გამოხატვის თავისუფლება, შექმნას უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემო ბავშვების უფლებების რეალიზებისთვის.
მისი განცხადებით, არასრულწლოვანებს აქვთ ფუნდამენტური უფლება, გამოხატონ საკუთარი აზრი და მონაწილეობა მიიღონ მშვიდობიან აქციებში. სახალხო დამცველის თქმით, ეს გარანტირებულია ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით, მათ შორის, საქართველოს კონსტიტუციით, გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციითა და ბავშვის უფლებათა კოდექსით.
„მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო და საზოგადოება პატივს სცემდეს და იცავდეს არასრულწლოვანების გამოხატვის თავისუფლებას, შექმნას უსაფრთხო და მხარდამჭერი გარემო ბავშვების უფლებების რეალიზებისთვის. სასწავლო პროცესში ბავშვების მიერ პროტესტის გამოხატვის მიზნით სკოლის დატოვების სურვილის შემთხვევაში საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს არასრულწლოვანის მშობელს/კანონიერ წარმომადგენელს აღნიშნულის შესახებ.
დაუშვებელია პროტესტის გამოხატვისას არასრულწლოვანები გახდნენ გაკიცხვისა და მუქარის ობიექტები, ამასთან, დაუშვებელია არაუფლებამოსილი პირის შესვლა სასკოლო ტერიტორიაზე ბავშვებისადმი საგაკვეთილო პროცესის დატოვების მოწოდებითა და სასწავლო პროცესის ხელშეშლა.
მოვუწოდებთ საგანმანათლებლო დაწესებულებებს, დაიცვან ბავშვის უფლებები, უზრუნველყონ ერთი მხრივ უსაფრთხო და მშვიდი სასწავლო გარემო და მეორე მხრივ პატივი სცენ არასრულწლოვანების გამოხატვის თავისუფლებას. სახალხო დამცველის აპარატი შეისწავლის თითოეულ შემთხვევას და ყველა მათგანზე ექნება შესაბამისი რეაგირება, უფლებამოსილების ფარგლებში”.