მთავარისაქართველოპარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა

პარლამენტმა ახალი მთავრობა დაამტკიცა

ეკონომიკური ზრდა, სოციალური პროგრამები, განათლებისა და ჯანდაცვის გაუმჯობესება და ევროკავშირთან ინტეგრაცია 2030 წლისთვის – ეს არის ახალი სამთავრობო პროგრამის მთავარი საკითხები.

საქართველოს XI მოწვევის პარლამენტმა შეკრებიდან პირველივე კვირაში ახალ მთავრობას ნდობა გამოუცხადა.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, სამთავრობო პროგრამისას რამდენიმე საკითხზე გააკეთა აქცენტი.

“ჩვენ გვყავს ნამდვილი „ტოპ ტვინები“ სამთავრობო გუნდში. ეს შედგება, როგორც სამთავრობო, ისე საპარლამენტო გუნდისგან და მთელი ხელისუფლების წარმომადგენლებისგან. ბუნებრივია, სამთავრობო გუნდის როგორც ინტელექტუალური შესაძლებლობები, ასევე მათი გამოცდილება და განათლება არის იმის გარანტი, რომ გაგრძელდება ჩვენი ქვეყნის წინსვლა და განვითარება.

„ეკონომიკა არის ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულება და ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორიც. ეკონომიკური თვალსაზრისით ჩვენ ძალიან სერიოზული მიღწევები გვქონდა, განსაკუთრებით ბოლო 4 წლის განმავლობაში. გახსოვთ, რა ვითარება დაგვხვდა 2012 წელს, ეკონომიკა იყო უმძიმეს მდგომარეობაში. ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი იყო მხოლოდ 28 მილიარდ ლარზე ნაკლები და 2020 წლისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ გამოვიარეთ ორი რეგიონული, გლობალური კრიზისი, მოვახერხეთ და 28 მილიარდი ლარიდან, 2020 წლისთვის 50 მილიარდ ლარამდე გავზარდეთ ქვეყნის ეკონომიკა. ბოლო 4 წელიწადი განსაკუთრებით წარმატებული იყო ამ თვალსაზრისით. მხოლოდ ამ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში 2021 წლიდან მოყოლებული, ჩვენ მოვახერხეთ და ეკონომიკა გავზარდეთ. ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტი გავზარდეთ 40 მილიარდი ლარით, 50 მილიარდი ლარიდან 90 მილიარდ ლარამდე, რაც არის ძალიან დიდი მიღწევა.

განათლების სისტემაში წინა წლების განმავლობაში, ფესვები ფსევდო ლიბერალებს ჰქონდათ გადგმული. ეს ფესვები, სამწუხაროდ, დღესაც აქტუალურია, რაც ჩვენი პასუხისმგებლობაც არის. მთავარია, წინ გავიხედოთ და მთავარია, ბოლომდე ჩავჭრათ ეს ფესვები. საქართველოში განათლების სისტემა პატრიოტის, ტრადიციული ფასეულობების პატივისცემით გამსჭვალული მოსწავლის აღზრდაზე და შესაბამისი განათლების მიწოდებაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ეს ფესვები, რაც ფსევდო ლიბერალებს ჰქონდათ და რაც როგორც ჩანს, დღემდე აქვთ შემორჩენილი, უნდა ჩაიხსნას. თავიდან ბოლომდე გადაიხედება როგორც ეროვნული სასწავლო გეგმა, ისე თითოეული სახელმძღვანელო.

ევროკავშირში გაწევრიანება არის ჩვენი უმთავრესი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი. ჩვენ გვაქვს ამბიციური მიზანი – 2030 წელს გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა და რა თქმა უნდა, ამისთვის მოგვიწევს კონკრეტული პირობების შესრულება. რა თქმა უნდა, ერთის მხრივ ჩვენც გვაქვს დასამტკიცებელი ევროკავშირთან, თუ გვინდა გაწევრიანება, მაგრამ ევროკავშირსაც აქვს დასამტკიცებელი ჩვენთან, რომ მისი მიზანია ჩვენი ქვეყნისა და მოსახლეობის კეთილდღეობა; მისი მიზანია გაუფრთხილდეს ჩვენს ტრადიციულ ფასეულობებს; მისი მიზანია შევინარჩუნოთ ამ ქვეყანაში მშვიდობა. ერთმანეთს უნდა დავუმტკიცოთ ჩვენ, რომ გვინდა ერთმანეთისთვის სიკეთე. ეს არის მთავარი ამოსავალი წერტილი”, – განაცხადა კობახიძემ.

ეკონომიკის მინისტრის, ლევან დავითაშვილის განცხადებით, მთავრობის ამბიციური ეკონომიკური გეგმა, მოიცავს 2028 წლისთვის საქართველოს ეკონომიკის ისეთ ნიშნულამდე ზრდას, რაც ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციისთვის ეკონომიკურად მოამზადებს.

“რეალურად, ჩვენ ვემზადებით იმისთვის, რომ ვიყოთ მზად ევროკავშირის წევრობისთვის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამას რამდენიმე წელი სჭირდება. რეალურად, ეს ასეც იქნება იმიტომ, რომ ყველა კანდიდატ ქვეყანას სჭირდება კონკრეტული ამოცანების შესრულება იმისათვის, რომ მათ ევროკავშირის წევრობა მიიღონ. საქართველოს, რა თქმა უნდა, დღეს ბევრი მიმართულებით ექნება გამოწვევა. როდესაც ევროკავშირის წევრობაზე ვსაუბრობთ, ეს არის სტრატეგიული მიზანი და ამოცანა, რომელიც საქართველოს ინტერებს პასუხობს და მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი პოზიციური შედეგების მომტანი იქნება გრძელვადიან პერსპექტივაში. ჩვენ ამ გზაზე ვართ, ეს რეფორმები ძალიან ინტენსიურად მიმდინარეობს. გვაქვს ძალიან მკაფიოდ განსაზღვრული გეგმა, რომელიც მათ შორის, საზოგადოებისთვის ცნობილია”, – განაცხადა მინისტრმა.

საგარეო საქმეთა ახალი მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ დღეს საქართველოს არ არის მზად ევროკავშირში წევრობისთვის, თუმცა მუშაობა გაგრძელდება.განსაკუთრებით კი საგარეო დიპლომატიის მიმართულებით.

„კარგად იცით, რომ ამ მომენტში მიმდინარეობს ევროკავშირის, ევროკომისიის ახალი შემადგენლობის დამტკიცების პროცესი. ჩვენთვის პრიორიტეტი იქნება, რა თქმა უნდა, მათთან ურთიერთობების გაღრმავება, ყველა მნიშვნელოვან საკითხზე კონსულტაციების წარმოება. ევროკავშირში გაწევრიანება გრძელი და რთული პროცესია. ამ პროცესში რთული საკითხები იქნება და არ უნდა მოხდეს ამ საკითხების პოლიტიზება იმგვარად, რომ დაზიანდეს საბოლოო მიზანი, რასაც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება ჰქვია. ამ პროცესს სჭირდება მართვა, კონსტრუქციული მიდგომა. ყველა პრობლემურ საკითხზე უნდა ვეძიოთ კონსტრუქციული გამოსავალი, უნდა შევძლოთ ერთმანეთთან საუბარი. დიალოგის გარეშე შეუძლებელი იქნება ამ მიმართულებით წარმატების მიღწევა“,- აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

ახალი მთავრობის დამტკიცებას მხარი “ქართული ოცნების” 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

საბოლოო ინიცირებისთის აუცილებელია პრეზიდენტის ხელმოწერა, თუმცა მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ პარლამენტის მიერ დამტკიცებული მთავრობა ლეგიტიმურია პრეზიდენტის ხელმოწერის გარეშეც.

მთავრობის დამტკიცების პროცესს არ დაესწრო ოპოზიცია, სამოქალაქო სექტორი და პარტნიორი ქვეყნების დიპლომატები.

ალეკო გვეტაძე – ევრონიუს ჯორჯია

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend