ავსტრალიაში ერთ-ერთი მშობელი უეინ ჰოლდსუორთი 16 წლამდე ბავშვებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომის უფლების აკრძალვას მოითხოვს. მან ამ საკითხზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყო, რაც გასულ წელს მისმა 17 წლის შვილმა მაკმა თავი მოიკლა.
მაკი ონლაინსექსუალური შანტაჟის მსხვერპლი გახდა. მას ხშირად ესაუბრებოდა 47 წლის მამაკაცი, რომელიც თავს 18 წლის გოგონად ასაღებდა. დამნაშავემ არასრულწლოვან მაკს მის მიერ გაგზავნილი ინტიმური სურათების სანაცვლოდ ფული მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში ამ სურათების გასაჯაროებით დაემუქრა.
შვილის დაღუპვის შემდეგ უეინი ქვეყნის მასშტაბით დადის სკოლებში და ბავშვებს უყვება თავის ტრაგიკულ ისტორიას, რათა მათ სოციალურ ქსელთან დაკავშირებული საფრთხეები გააცნოს.
„ამჟამად წარმოგიდგენთ 10 000-ზე მეტ ადამიანს, რომელთაგან 3000 საშუალო სკოლის მოსწავლეა, ესენი არიან 12-იდან 17 წლამდე ბიჭები და გოგონები… სოციალური ქსელისა და მისი რისკების შესახებ საუბრის შემდეგ მათ ვკითხე, დაუჭერდნენ თუ არა მხარს ჩემს ინიციატივას. მათი პასუხი დადებითი იყო. ჩვენ ვერ დავეყრდნობით ტექნოლოგიურ გიგანტებს, მათ ეს არ აინტერესებთ. ამიტომ კონტროლი ჩვენ თავად უნდა დავაწესოთ“, – ამბობს უეინ ჰოლდსუორთი.
თუმცა ყველა მშობელი, კანონმდებელი თუ ექსპერტი არ ეთანხმება იმას, რომ ბავშვებისთვის სოციალური ქსელის აკრძალვა გამოსავალია.
„ამ მიდგომას უარყოფითი მხარეც აქვს, თუმცა გასათვალისწინებელია ახალგაზრდების პრობლემებთან დაკავშირებული ის მტკიცებულებებიც, რომლებსაც ექსპერტები გვაწვდიან. ასევე ვფიქრობ, რომ ავსტრალიის მოსახლეობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კონფიდენციალურობის საკითხი. თუმცა ზოგს გარკვეული პოლიტიკის სანაცვლოდ უწევს ამ უფლებაზე უარის თქმა”, – ამბობს ციფრული უფლებების ორგანიზაციის თავმჯდომარე, ლიზი ო’ში.
ოთხშაბათს ავსტრალიის წარმომადგენელთა პალატამ აბსოლუტური უმრავლესობით მხარი დაუჭირა ახალგაზრდებისთვის სოციალური ქსელის აკრძალვის კანონპროექტს და მას სენატი, სავარაუდოდ, მალე დაამტკიცებს.
კანონის ძალაში შესვლის შემდეგ კი ბავშვებს სოციალური პლატფორმების გამოყენება მშობლების თანხმობის შემთხვევაშიც არ შეეძლებათ. X-ისა და Instagram-ის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ პლატფორმების აკრძალვა გამოსავალი არ არის.