მთავარისაქართველოპროტესტი პარლამენტთან დასრულებულია

პროტესტი პარლამენტთან დასრულებულია

საქართველოს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მოქალაქეთა 24-საათიანი საპროტესტო აქცია დასრულდა. რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა. ტერიტორიიდან გატანილია ოპოზიციის კუთვნილი კარვები და დროებითი კონსტრუქციები. თავისუფლების მოედნიდან კი გაყვანილია საპოლიციო ძალები. ადგილზე აღარ არის არც შსს-ის კუთვნილი ტექნიკა,

მე-11 მოწვევის პარლამენტის სხდომის პარალელურად, საკანონმდებლო ორგანოსთან მთელი დღის განმავლობაში იმყოფებოდნენ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, რომლებიც ახალ პარლამენტს „არალეგიტიმურს“ და „არაკონსტიტუციურს“ უწოდებენ.

მმართველი გუნდის ოპონენტთა ნაწილმა, კოალიციებმა – „ცვლილებისთვის“ და „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობა“ –  საპარლამენტო სიების გაუქმების მოთხოვნით, ოფიციალური განაცხადით უკვე მიმართა ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. კოალიციის „ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ საპარლამენტო მანდატების გაუქმების საკანონმდებლო პროცედურებიც განმარტა, რომლის მიხედვითაც, საარჩევნო კოდექსის 120-ე მუხლის მე-2 ნაწილი „თავდაპირველად სიების ჩახსნას, შემდეგ კი დეპუტატის მანდატის დატოვებაზე ინდივიდუალური განაცხადის გაკეთებას ითვალისწინებს“.

ჯერჯერობით ოფიციალურად ეს ნაბიჯი არ გადაუდგამთ კოალიციას „ძლიერი საქართველო“ და პარტიას „გახარია საქართველოსთვის“. ოპოზიციონერი პარტნიორების განაცხადებების ფონზე, გიორგი გახარიას გუნდი სამართლებრივად არასწორად მიიჩნევდა სიების ჩახსნის გადაწყვეტილებას მანამ, სანამ პარლამენტის უფლებამოსილება არ იქნებოდა ცნობილი. არგუმენტად ყოფილი პრემიერის გუნდს საქართველოს საარჩევნო კოდექსის 120-ე მუხლი მოჰყავდა.

სამართლებრივი პროცედურის გარდა, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ ბრძოლას განაგრძობენ, მათ შორის ქუჩაშიც. მმართველ გუნდში კი მიაჩნიათ, რომ მათი ოპონენტები პარლამენტში „ადრე თუ გვიან მაინც შევლენ“.

მანდატებთან დაკავშირებით, ცვლილებებია „ქართულ ოცნებაშიც“. საკანონმდებლო ორგანოში სახელისუფლებო გუნდს 89 მანდატი აქვს მიღებული, თუმცა, პარტიის აღმასრულებელი მდივნის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საკანონმდებლო ორგანოში აღარ იქნებიან ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე და ირაკლი ღარიბაშვილი. ამ სამეულიდან ირაკლი კობახიძე საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატია, დარჩენილი ორი კი პარტიის ხელმძღვანელია და, მამუკა მდინარაძის თქმით, ისინი საპარლამენტო სიაში „ფორმალურად იყვნენ“.

მმართველ გუნდში საპარლამენტო მანდატების დათმობა მოუწევს კიდევ სამ დეპუტატს – მაკა ბოჭორიშვილს, დავით სონღულაშვილსა და ანრი ოხანაშვილს. ისინი საქმიანობას აღმასრულებელ ხელისუფლებაში განაგრძობენ, საგარეო საქმეთა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ასევე, იუსტიციის მინისტრების პოზიციებზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend