უკრაინული წყაროების ცნობით, რუსეთი უკრაინის მთელ ტერიტორიაზე მასობრივ ავიათავდასხმას ახორციელებს.
უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, დღეს დილით, 21 ნოემბერს, ქალაქ დნიპროს მიმართულებით სხვადასხვა ტიპის რაკეტა გაისროლეს. მათ შორის ერთ-ერთი იყო საკონტინენტთაშორისო ბალისტიკური რაკეტა, აერობალისტიკური რაკეტა „კინჟალი“ და შვიდი X-101 ტიპის ფრთოსანი რაკეტა. უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, მათ 6 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს.
როგორც უკრაინელი სამხედროები აღნიშნავენ, დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ მიუღიათ.
დნიპროს მერის, ბორის ფილატოვის თქმით, თავდასხმის შედეგად შშმ პირთა სარეაბილიტაციო ცენტრი დაზიანდა.
რუსული მხარე სარაკეტო თავდასხმაზე კომენტარს არ აკეთებს.