„პუტინი ამ ომში გამარჯვებაზეა კონცენტრირებული. ის თავისით არ გაჩერდება“ – თქვა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ევროპარლამენტის სესიაზე. კიევიდან ვიდეოზარით საუბრისას ზელენსკიმ ევროკავშირის კანონმდებლებს განუცხადა, რომ რუსეთზე ზეწოლის გასაზრდელად ყოველი დღე მნიშვნელოვანია და უკრაინაში მიმდინარე ომის სამართლიანად დასრულებისა და კონტინენტზე მშვიდობის დაბრუნებისთვის ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო.
სპეციალურ პლენარულ სესიას, რომელზეც უკრაინაში მიმდინარე ომს განიხილავდნენ, ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა ხელმძღვანელობდა. მან განაცხადა, რომ უკრაინელებმა მსოფლიოს აჩვენეს, თუ როგორია ნამდვილი სიმამაცე.
„ერთად ბევრს მივაღწიეთ, მაგრამ ახლა უფრო მეტის გაკეთების არ უნდა შეგვეშინდეს. პუტინმა 11 000 ჩრდილოეთკორეელი ჯარისკაცი მოიყვანა უკრაინის საზღვართან. ეს კონტინგენტი შეიძლება 100 000-მდე გაიზარდოს. სანამ ზოგიერთი ევროპელი ლიდერი უკრაინის ხარჯზე არჩევნებს ან სხვა საკითხებს განიხილავს, პუტინი ამ ომის მოგებაზეა კონცენტრირებული. ის თავისით არ გაჩერდება. რაც უფრო მეტი დრო აქვს პუტინს, მით უფრო უარესდება პირობები.
თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ პუტინისთვის ხალხი და წესები ღირებული არ არის. მისთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ფული და ძალაუფლებაა. ეს არის ის, რაც მას უნდა წავართვათ იმისთვის, რომ მშვიდობა დავიბრუნოთ. თუ ევროპაში ვინმე ფიქრობს, რომ შეუძლიათ უკრაინა, ან ნებისმიერი სხვა ქვეყანა, მაგალითად, ბალტიის ქვეყნები, საქართველო და მოლდოვა მოსკოვს მიჰყიდოს და სანაცვლოდ რამე მიიღოს, გაახსენეთ მათ მარტივი ჭეშმარიტება – ვერავინ იქნება მშვიდად ქარიშხლის დროს. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს ომი ერთობლივი ძალისხმევით სამართლიანად დავასრულოთ“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.