მთავარისაქართველო„განაჩენი გამოტანილია, არ შედგა ეს არჩევნები" - სალომე ზურაბიშვილი

„განაჩენი გამოტანილია, არ შედგა ეს არჩევნები” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი ეხმიანება ცესკოს მიერ შემაჯამებელი ოქმის წარდგენას და ამბობს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არ შედგა.

მისი თქმით, „დაირღვა საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული და საერთაშორისო სამართლის პრინციპებით დაცული მთავარი უფლებები”, ხმის მიცემის ფარულობა და ხმის მიცემის საყოველთაობა.

„ყველამ ვიცით და ვნახეთ, რომ ადგილი ჰქონდა ფართოდ გავრცელებულ და სისტემური გაყალბების სქემებს, რომლებიც მოიცავდა წინასაარჩევნო, როგორც არჩევნების, ასევე მის შემდეგ პერიოდს”, – განმარტავს პრეზიდენტი.

საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ ახლა ქვეყანა იმყოფება ძალიან სერიოზულ მდგომარეობაში და მას ემუქრება სერიოზული საფრთხეები, მათ შორის, რთული ეკონომიკური და ფინანსური კრიზისი.

საქართველოს პრეზიდენტი ამ ვითარებიდან გამოსავლის გზებს სთავაზობს ოპოზიციას, ხელისუფლებასა და საზოგადოებას, მათ შორის, უპირველესი ხელახალი არჩევნებია.

„ერთი არის საერთაშორისო გამოძიება. არა იმისათვის, რომ საერთაშორისო პარტნიორებმა გვითხრან ის, რაც ყველამ კარგად იცის, რომ არ შედგა არჩევნები და გაყალბდა.

საერთაშორისო მხარდაჭერით უნდა შევძლოთ ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტება, საარჩევნო კოდექსის ცვლილება იმ მიმართულებითა და გზავნილებით, რაც იყო თავის დროზე ეუთო/ოდირის მოთხოვნები, დამატებით უცხოეთში უბნების გახსნის პროცედურების გამართვით, ასევე საარჩევნო დავების სპეციალური სასამართლოს შექმნა. ყველა ახალ ინსტანციაში სასურველია, რომ ჩვენი უცხოელი პარტნიორები იყვნენ უშალოდ ჩართული.

მეორე პუნქტია 26 ოქტომბრამდე არსებული პოლიტიკური მოცემულობის გაგრძელება. რამდენადაც არ შედგა არჩევნები, არაფერი ახალი არ შეიძლება შედგეს, არც პარლამენტი, არც მთავრობა, არც პრეზიდენტის არჩევნები. ჩვენ ვაგრძელებთ იმ არსებული პარლამენტით, მთავრობითა და თუნდაც, პრეზიდენტით იმისათვის, რომ ეს გარდამავალი პერიოდი ახალ არჩევნებამდე იყოს მაქსიმალურად სტაბილური. ამიტომ არავის ვიჭერთ, არავის ვაგდებთ. არავის აქვს დევნის მომენტი. არ არსებობს სტაბილური ქვეყანა, სადაც მისი მოსახლეობის, საზოგადოების ნება არ არის ასახული არჩევნებში და იმ პოლიტიკურ წყობაში, რომელიც მოჰყვება არჩევნებს. ამ გეგმაზე საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა არის აუცილებელი და მე ამაზე უკვე ვმუშაობ. დარწმუნებული ვარ, ეს არის მათთვის ყველაზე მიმზიდველი, რამდენადაც ეს არის ერთადერთი გზა, რომელიც არის სტაბილური და მშვიდობიანი იმისათვის, რომ ჩვენ ამ კრიზისიდან რყევების გარეშე გამოვიდეთ”, – განაცხადა პრეზიდენტმა.

მისივე თქმით, ხვალ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს. სარჩელი ეხება არჩევნებზე ორი კონსტიტუციური პრინციპის – ფარულობისა და საყოველთაობის დარღვევას.

უახლესი

სხვა ამბები

00:02:20

ომის 1000 დღე

spot_imgspot_img
Send this to a friend