საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მასობრივი პროტესტის ფონზე, ე.წ. „გამჭვირვალობის“ კანონის წინააღმდეგ საჩივარი დაარეგისტრირა.
„ეს ფაქტი კიდევ ერთხელ ააშკარავებს და ამხელს სამთავრობო მედიის მიერ გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, თითქოს არასამთავრობო ორგანიზაციებს „რუსული კანონის“ წინააღმდეგ საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში არ გაუგზავნიათ” – წერია „საიას“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
კანონი ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში 16 მედია ორგანიზაციის, 120 სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციისა და 4 ფიზიკური პირის სახელით გასაჩივრდა.
მოსარჩელეები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცული შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების, გამოხატვის თავისუფლების, პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლების, დისკრიმინაციის, სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლების და უფლებების შეზღუდვათა გამოყენების ფარგლების დარღვევებზე დავობენ.