მთავარიევროპაუკრაინა„უკრაინიდან გატაცებულ ბავშვებს რუსული არმიისთვის ამზადებენ" - ამბობენ კიევში

„უკრაინიდან გატაცებულ ბავშვებს რუსული არმიისთვის ამზადებენ” – ამბობენ კიევში

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ 19,500-ზე მეტი უკრაინელი ბავშვი იძულებით გადაიყვანეს რუსეთში. კიევმა ამ დრომდე მხოლოდ 1000 ბავშვის დაბრუნება მოახერხა.

უკრაინის ადამიანის უფლებათა კომისარი ამბობს, რომ გატაცებული ბავშვების რაოდენობა გაცილებით მეტია, ვინაიდან ეს პროცესი გრძელდება  ყოველდღიურად უკრაინის ტერიტორიების ოკუპაციასთან ერთად.

რუსეთის ტერიტორიაზე გადაყვანის შემდეგ უკრაინელ ბავშვებს  არა მხოლოდ შეუცვალეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები, არამედ აიძულეს, მიეღოთ გარკვეული სამხედრო განათლება.

„ყველა უკრაინელი ბავშვი უნდა იყოს რუსეთის ფედერაციის ახალგაზრდული სამხედრო ორგანიზაციის წევრი. უკრაინელი ბავშვების დეპორტაციის მთავარი მიზანი რუსული არმიის ახალი თაობის გაზრდაა“, – ამბობს დიმიტრო ლუბინეცი, უკრაინის პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომისარი.

2023 წლის მარტში ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლომ (ICC) გასცა დაპატიმრების ორდერი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინისა და რუსეთის ბავშვთა დაცვის კომისრის მარია ლვოვა-ბელოვას მიმართ. საერთაშორისო სასამართლომ განმარტა, რომ რომის წესდების რამდენიმე მუხლის დარღვევით პუტინი და ლვოვა-ბელოვა უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაში არიან ეჭვმიტანილი.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უსმენს მარია ლვოვა-ბელოვას, რუსეთი Mikhail Metzel, Sputnik, Kremlin Pool Photo via AP – Copyright Mikhail Metzel/Sputnik

უკრაინის ხელისუფლებამ რამდენჯერმე შეძლო ოკუპირებული ტერიტორიებიდან რუსეთში იძულებით გადაყვანილი ბავშვების დაბრუნება.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიმდინარე წლის აპრილში  მიიღო რეზოლუცია, რომ  რუსეთში უკრაინელი ბავშვების იძულებით დეპორტაციასა და მათ „რუსიფიკაციაში” გენოციდის ნიშნები იკვეთება.

რეზოლუციით ასამბლეამ უკრაინელი ბავშვების უსაფრთხოდ დაბრუნება,  დამატებითი დეპორტაციის აღკვეთა და ყველა პასუხისმგებელი პირის გასამართლება მოითხოვა.

ასამბლეამ განაცხადა, რომ რუსეთში უკრაინელი ბავშვების „რუსიფიკაციას” სხვადასხვა მეთოდით ცდილობენ: ბავშვებს აიძულებენ, მიიღონ განათლება რუსულ ენაზე, ისწავლონ მათი კულტურა და ისტორია.  ბავშვებს ასევე  უკრძალავენ უკრაინულად საუბარს, ისინი ხდებიან პროპაგანდის მსხვერპლნი, რომლებიც მიჰყავთ  სამხედრო წვრთნებზე.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend