მთავარისაქართველოსამი ოპოზიციური კოალიცია ცესკოს საპარლამენტო სიების გაუქმების განაცხადით მიმართავს

სამი ოპოზიციური კოალიცია ცესკოს საპარლამენტო სიების გაუქმების განაცხადით მიმართავს

26 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ დადებული პირობა ოპოზიციის ნაწილმა სისრულეში 12 ნოემბერს მოიყვანა. „ერთიანობა – ნაციონალურმა მოძრაობამ“ და კოალიციამ „ცვლილებისთვის“ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საპარლამენტო სიების სრულად ჩახსნის ოფიციალური განაცხადით მიმართეს. შესაბამის იურიდიულ დოკუმენტს ცესკოს უგზავნის „ძლიერი საქართველოც“. კოალიციების ლიდერების შეფასებით, მათ მანდატებზე უკვე თქვეს უარი და ამ პოზიციას არ შეცვლიან.

„ჩვენ უარს ვამბობთ, მანდატები მივიღოთ იმ საპარლამენტო არჩევნების შედეგად, სადაც ადგილი ჰქონდა ტოტალურ გაყალბებას, სადაც დარღვეული იყო კონსტიტუციის უმნიშვნელოვანესი პრინციპი, ფარულობის სახით და შესაბამისად, არ იყო გამოხატული ქართველი ხალხის თავისუფალი ნება, სადაც იყო უამრავი სხვა მაქინაცია და მასობრივი დარღვევა. არჩევნების შედეგებს არ აღიარებს ცივილიზებული სამყარო“, – განაცხადა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ.

„არ გამოვრიცხავთ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია კვლავ დაარღვევს კანონს და იტყვის, რომ ეს არასაკმარისია. ვამბობ, რომ ყველა ეტაპზე ეს განცხადება იქნება დაწერილი ხელახლა. არ შეიძლება, ადამიანები აიძულო, იყვნენ რომელიმე თანამდებობაზე. ამიტომაც, ჩვენი განაცხადი სამართლებრივად სრულადაა გამართული“, – განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ.

ოპოზიციური კოალიციების გადაწყვეტილებას ეხმაურება მათი განაცხადის ადრესატი. ცესკო სპეციალურ წერილს ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ უწყებას საარჩევნო კოდექსის 120-ე მუხლის შესაბამისად ჯერ არ აქვს უფლება ეს მოთხოვნა დააკმაყოფილოს. ცესკოს შეფასებით, ოპოზიციამ არ გაითვალისწინა საკანონმდებლო რეგულაცია და მანიპულაციურ გზას მიმართა.

„საარჩევნო კანონმდებლობა ახლად არჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობამდე პარტიულ სიებში არსებულ კანდიდატთა რეგისტრაციის გაუქმებას არ ითვალისწინებს არც პარტიების მიერ მომართვის და არც პირადი განცხადებით მომართვის შემთხვევაში. მიუხედავად იმისა, რომ საარჩევნო პროცესში ჩართულმა მხარეებმა ზედმიწევნით იციან, რომ კანონმდებლობით ეს შეუძლებელია, მათ ამ საკითხთან დაკავშირებითაც, ისევე როგორც არჩევნების შეფასებისას, მანიპულაციის გზა აირჩიეს, რითაც, სავარაუდოდ, ცესკოზე ზეწოლის გაძლიერებას ცდილობენ“, – ნათქვამია ცენტრალური საარჩევნო კომისიის განცხადებაში.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიის მსგავსად, პარტია „გახარია საქართველოსთვის“ მიიჩნევს, რომ საარჩევნო ადმინისტრაციისთვის მიმართვა ჯერ ადრეა. თუმცა, გიორგი გახარიას გუნდში განმარტავენ, რომ მე-11 მოწვევის პარლამენტს არც მათი მხრიდან ექნება ლეგიტიმაცია.

„რასაც კანონი არ ითვალისწინებს, იმას რომ ქმედებად ასაღებ, სხვა არაფერია თუ არა პოპულისტური ნაბიჯი. კანონით მსგავსი ნაბიჯები არ არსებობს. ეს სხვას ვის უნდა აწყობდეს თუ არა ქართულ ოცნებას?! ასეთი ტიპის ნაბიჯებით, შესაძლოა, ოპოზიციის ელექტორატს ნიჰილიზმი გაეზარდოს. პარლამენტის ლეგიტიმაციის ნაწილში ჩვენ არც ერთი ნაბიჯის გადადგმას არ ვაპირებთ“, – განაცხადა პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა.

ოპოზიციის გეგმების არ სჯერათ მმართველ გუნდში. „ქართული ოცნების“ ლიდერები ოპონენტებს 2020 წლის სცენარის გამეორებას უწინასწარმეტყველებენ, როდესაც ბოიკოტის მიუხედავად, ისინი საკანონმდებლო ორგანოში მაინც შევიდნენ.

„პარლამენტი, რა თქმა უნდა, შეიკრიბება, დამტკიცდება მთავრობა, მინისტრები, და ჩვეულებრივად გაგრძელდება მუშაობა. ოპოზიცია შემოვა თუ არ შემოვა, ეს მათი გადასაწყვეტია, თუმცა მე მგონია, რომ ისინი შემოვლენ. ცოტა დრო დასჭირდებათ, იმიტომ რომ მოთელვა აქვთ თავის ამომრჩეველთან, რომლებსაც ატყუებდნენ, მაგრამ დაველოდოთ… ყველაფერი იქნება მაგრად, ისე, როგორც ჩვენს ქვეყანასა და ამ ქვეყნის განვითარებას სჭირდება“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა და თბილისის მერმა კახა კალაძემ.

ცენტრალური საარჩევნო კომისია ახლა ემზადება 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმის გამოსაქვეყნებლად, რომელშიც არჩევნების არსებული შედეგები დიდი ალბათობით უცვლელად აისახება. ცესკოს ამისთვის 21 ნოემბრამდე აქვს ვადა. შემაჯამებელი ოქმის გამოქვეყნებიდან 10 დღეში პარლამენტი უნდა შეიკრიბოს.

თუკი ოპოზიცია გეგმებს არ შეცვლის, მე-11 მოწვევის პარლამენტში მმართველ პარტიას მუშაობა მარტოს მოუწევს.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend