მთავარისაქართველო„საჭიროა გამოძიება” - ევროპელი ლიდერები საპარლამენტო არჩევნების თაობაზე

„საჭიროა გამოძიება” – ევროპელი ლიდერები საპარლამენტო არჩევნების თაობაზე

„სერიოზული ეჭვები გაყალბებასა და რუსული ჩარევის შესახებ“, – ასე აფასებენ ევროკავშირის ლიდერები საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს.

ბუდაპეშტში ევროპული საბჭოს არაფორმალურ სამიტზე შეკრებილი ბლოკის ლიდერები საუბრობდნენ ევროპის კონკურენტუნარიანობისა და დონალდ ტრამპის გამარჯვების პირობებში აშშ-სთან ურთიერთობების მომავალზე, ასევე განიხილეს საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარებაც.

სავარაუდო საარჩევნო დარღვევების დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება და ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე დაბრუნება – ეს ის ნაბიჯებია, რომელთა გადადგმასაც ბლოკის მაღალჩინოსნები კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყნისგან ელიან.

,,ვიცი, რომ ქართველი ხალხი გულწრფელად ისწრაფვის ევროკავშირის წევრობისკენ. ევროკავშირის მხრიდან, ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც საქართველოს მივანიჭეთ კანდიდატის სტატუსი. რაც შეეხება არჩევნებს, არსებობს სერიოზული ეჭვები გაყალბების შესახებ, რასაც სერიოზული გამოძიება სჭირდება. ჩვენ გვჭირდება სიცხადე ამ პროცესის შესახებ, რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი სამართლიანად და გამჭვირვალედ ჩატარდა. ამის თაობაზე ეჭვები არსებობს არა მხოლოდ ევროპაში, არამედ მსოფლიოს სხვა ქვეყნებშიც. მქონდა შესაძლებლობა, ამ საკითხზე პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისთვის შეხედულებები გამეზიარებინა“, – განაცხადა შარლ მიშელმა, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა.

,,ძალიან მაწუხებს რუსული გავლენა საქართველოსა და მოლდოვაში ჩატარებულ არჩევნებზე. ეს არის თავდასხმა დემოკრატიებზე. ამიტომ ვფიქრობ, არჩევნების შეფასება მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მეტე ფრედერიქსენმა, დანიის პრემიერ-მინისტრმა.

„გულწრფელად რომ ვთქვა, ბოლო არჩევნები არ მიიჩნიეს თავისუფლად და სამართლიანად. უნდა ითქვას, რომ საქართველოს გზა ევროპისკენ მისმა ლიდერებმა შეაფერხეს“, – ამბობს კრისტენ მიჰალი, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი.

სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შეჩერებასა თუ სხვა ზომების შესახებ, სამიტის დაწყებამდე, ევროკავშირის ლიდერებს საჯაროდ არ უსაუბრიათ. თუმცა, როგორც ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, ამჯერად, ღრმა შეშფოთების გამოხატვა საკმარისი არ არის.

„ამჯერად, ჩვენი ღრმა შეშფოთების გამოხატვა საკმარისი არ არის. მე იმედგაცრუებული ვარ არა მხოლოდ არჩევნების შედეგებით, არამედ საარჩევნო პროცესში მრავალი დარღვევით. არ შეიძლება ერთდროულად საუბრობდე ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებზე და ყველაფერს საწინააღმდეგო აკეთებდე — იღებდე კანონებს, ფარულ ზომებს, შეურაცხმყოფელ რიტორიკას იყენებდე დემოკრატიული დასავლეთის მიმართ. ლოგიკურად შეუძლებელია ამის ახსნა. უნდა გამოვიძიოთ საარჩევნო პროცესი. არ მაქვს ნდობა ქართული ინსტიტუტების მიმართ, რომ ამის გაკეთებას შეძლებენ. ეს ძალიან გულუბრყვილო იქნებოდა. ვფიქრობ, საჭიროა საერთაშორისო, დამოუკიდებელი გამოძიება. საარჩევნო პროცესში რუსეთის ჩარევის მასშტაბი და ინტენსიურობა ისეთი დიდი იყო, როგორც არასდროს და ეს შეშფოთებას იწვევს”, – ამბობს გიტანას ნაუსედა,  ლიეტუვის პრეზიდენტი.

კითხვაზე, თუ რამდენად შეძლებს ქართველი ხალხი ოლიგარქიული რეჟიმის პირობებში ქვეყნის ევროპულ კურსზე დაბრუნებას, გიტანას ნაუსედამ მმართველი პარტიის საპატიო თავმჯდომარის ფარულ გავლენაზე ისაუბრა: „ეს პიროვნება, ბიძინა ივანიშვილი, ამ პროცესების უკან დგას და ჩვენ ვიცით, რამდენად ღრმა და ახლო ურთიერთობა აქვს მას რუსეთის ფედერაციასთან. სწორედ ამიტომ, ჩვენ არა მხოლოდ იმაზე ვსაუბრობთ, რომ თქვენ ევროკავშირს შორდებით, არამედ ასევე უახლოვდებით რუსეთს. შეუძლებელია შუა გზის არჩევა. თუ გადაწყვეტ, რომ კონკრეტული გეოპოლიტიკური ნაბიჯები გადადგა, შუაში ვერ დარჩები, ან დასავლეთისკენ მიდიხარ, ან აღმოსავლეთისკენ“.

საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი იმ პირობით მიენიჭა, რომ იგი 9 სხვადასხვა მიმართულებით აჩვენებდა წინსვლას.

ამ 9 დათქმიდან მე-4, სწორედ თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესის უზრუნველყოფას გულისხმობდა – განსაკუთრებით კი 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend