მთავარიამერიკააშშ„რბოლა დასრულებულია” - ტრამპი თეთრ სახლში ბრუნდება

„რბოლა დასრულებულია” – ტრამპი თეთრ სახლში ბრუნდება

„ეს ნამდვილად იქნება ამერიკის ოქროს ხანა“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ წინასწარი შედეგებით, ყოფილი პრეზიდენტი არჩევნების გამარჯვებულია.

რესპუბლიკური პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა გამარჯვებისთვის საჭირო 270 ხმა საარჩევნო კოლეგიისგან ოპონენტის, დემოკრატი კამალა ჰარისის ვისკონსინის შტატში დამარცხების შემდეგ მოაგროვა. 78 წლის ტრამპი კიდევ ერთხელ დაიკავებს თეთრ სახლს და ამერიკის შეერთებულ შტატებს სათავეში უკვე მეორედ ჩაუდგება.

არჩევნების წინასწარი შედეგების გასაჯაროებიდან მალევე დონალდ ტრამპმა საკუთარ ამომრჩევლებს საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებისა და რესპუბლიკელების მიერ სენატში უმრავლესობის დაბრუნების შესახებ ფლორიდის შტატიდან გამოუცხადა. მან ამერიკელ ხალხს მადლობა გადაუხადა და დადო პირობა, რომ იბრძოლებს თითოეული მოქალაქისა და ოჯახისთვის.

„მინდა მადლობა გადავუხადო ამერიკელ ხალხს ქვეყნის 47-ე და ასევე, 45-ე პრეზიდენტად არჩევის უდიდესი პატივისთვის. მოქალაქეებო, მე ყოველ დღე ვიბრძოლებ თქვენთვის, თქვენი ოჯახებისთვის, თქვენი მომავლისთვის. ვიბრძოლებ ბოლო ამოსუნთქვამდე და არ გავჩერდები, ვიდრე არ გვექნება ძლიერი, უსაფრთხო და აყვავებული ამერიკა, რომელსაც ჩვენი შვილები და თქვენ იმსახურებთ. ეს ნამდვილად იქნება ამერიკის ოქროს ხანა. ეს არის ამერიკელი ხალხის ბრწყინვალე გამარჯვება, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ამერიკა კვლავ დიდებული გავხადოთ.

გულწრფელად მჯერა, რომ ეს იყო ყველა დროის ყველაზე დიდებული პოლიტიკური მოძრაობა. მისი მსგავსი ამ ქვეყანაში, და შეიძლება მის მიღმაც, არასდროს არაფერი ყოფილა. ახლა ის მნიშვნელობის თვალსაზრისით ახალ დონეს მიაღწევს, რადგან ჩვენ ჩვენს ქვეყანას განკურნებაში დავეხმარებით. ქვეყანას დახმარება სჭირდება, თანაც ძალიან. ჩვენ მოვაწესრიგებთ საზღვარს, მოვაწესრიგებთ ყველაფერს, რაც ჩვენს ქვეყანას ეხება. დღეს ისტორია დავწერეთ. ჩვენ დავძლიეთ დაბრკოლებები, რომელთა დაძლევაც ვერავის წარმოედგინა. ცალსახაა, რომ ჩვენ მივაღწიეთ ყველაზე წარმოუდგენელ პოლიტიკურ გამარჯვებას.

მე მარტივი დევიზით ვმართავ: პირობის მიცემა, პირობის დაცვაა. ვაპირებთ, შევასრულოთ ჩვენი დაპირება. ვერაფერი შემიშლის ხელს თქვენთვის, ხალისთვის მიცემული პირობის შესრულებაში. ჩვენ კვლავ ვაქცევთ ამერიკას უსაფრთხო, ძლიერ, აყვავებულ და თავისუფალ ქვეყნად. ვთხოვ ჩვენი ქვეყნის ყველა მოქალაქეს, შემომიერთდეს ამ კეთილშობილურ და სამართლიან საქმეში. დროა ბოლო ოთხი წლის დაყოფა უკან მოვიტოვოთ. დროა გავერთიანდეთ და ვცადოთ. ჩვენ ვცდით და ეს მოხდება. წარმატება გაგვაერთიანებს. მე ეს მინახავს“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მხარდამჭერებს მიმართეს ჯეი დი ვენსმა და რესპუბლიკური პარტიის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა. ოჰაიოელმა სენატორმა არჩევნების შედეგები ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში უდიდეს პოლიტიკურ დაბრუნებად შეაფასა.

„ბატონო პრეზიდენტო, ვაფასებ, რომ მომეცით საშუალება მონაწილეობა მიმეღო ამ წარმოუდგენელ მოგზაურობაში. მადლობა გიხდით ნდობისთვის, რომელიც გამომიცხადეთ და ვფიქრობ, რომ ჩვენ ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში უდიდესი პოლიტიკური დაბრუნების მომსწრე ვართ“, – განაცხადა ჯეი დი ვენსმა.

არჩევნების ბედი, როგორც მოსალოდნელი იყო, ე. წ. მერყევ შტატებში გადაწყდა.

არიზონა, ჯორჯია, მიჩიგანი, ნევადა, ჩრდილოეთ კაროლინა, პენსილვანია და ვისკონსინი – ეს ის შტატებია, სადაც ლურჯი, ანუ დემოკრატიული პარტიის მხარდამჭერი, და წითელი, ანუ რესპუბლიკური პარტიის მხარდამჭერი შტატებისგან განსხვავებით, გამარჯვების შანსი ორივე პარტიის კანდიდატს ჰქონდა.

სწორედ ამ შტატებისკენ მიმართეს მთავარმა საპრეზიდენტო კანდიდატებმა მთელი ენერგია წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, თუმცა თითქმის ყველა მათგანი დონალდ ტრამპს მიემხრო.

6 ნოემბერს, საქართველოს დროით 20 საათზე ამ შვიდი შტატიდან ხუთის ხმებია დათვლილი. ხუთივე შტატმა უპირატესობა რესპუბლიკელ კანდიდატს მიანიჭა. ჯერ კიდევ დასათვლელია ხმები არიზონასა და ნევადაში, თუმცა ბუნებრივია, ამ შტატების შედეგები ვერაფერს შეცვლის.

„რბოლა დასრულებულია. დონალდ ტრამპი დაბრუნდა და როგორც ჩანს, ეს გამარჯვება უფრო დიდია, ვიდრე მოსალოდნელი იყო. ეს არის ის, რაც დონალდ ტრამპმა სულ რაღაც რამდენიმე დღის წინ იწინასწარმეტყველა.

დემოკრატებისთვის 2016 წელი განმეორდა. კამალა ჰარისმა ვერ შეძლო საკუთარი ფლანგის შენარჩუნება. მან ვერ მოიპოვა თეთრკანიანი მამაკაცების, ლათინო-ამერიკელების, აფრო-ამერიკელებისა და მუშების ხმები.

რესპუბლიკელთა გამარჯვების წყალობით ტრამპს შეუძლია დაბრკოლებების გარეშე შეასრულოს საკუთარი დაპირებები, დაწყებული ტარიფებიდან, დასრულებული უკრაინის საკითხით. ევროპა ყველაზე ცუდი სცენარისთვის უნდა მოემზადოს”, – სტეფან გროუბი, ევრონიუსი.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend