შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების საბოლოო შედეგები ცნობილია, ამერიკის 47-ე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გახდება.
რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატს ამ წუთისთვის საარჩევნო კოლეგიის 538 ხმიდან, 277 ელექტორალური ხმა აქვს, გამარჯვებისთვის კი 270 იყო საჭირო. დონალდ ტრამპს მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ლიდერებმა უკვე მიულოცეს არჩევნებში გამარჯვება.
ვიქტორ ორბანი:
„უდიდესი დაბრუნება ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკურ ისტორიაში. გილოცავთ, ბატონო პრეზიდენტო ამ უზარმაზარ გამარჯვებას. მსოფლიოს ეს გამარჯვება ძალიან სჭირდებოდა!“
ემანუელ მაკრონი:
– „გილოცავთ პრეზიდენტო ტრამპ! მზად ვარ, რომ ისევ ვიმუშაო თქვენთან ერთად, როგორც ეს წინა 4 წლის განმავლობაში იყო. თქვენი და ჩემი რწმენით. პატივისცემითა და ამბიციით, მშვიდობისა და კეთილდღეობისთვის.“
ვოლოდიმირ ზელენსკი:
„გილოცავთ ამ შთამბეჭდავ გამარჯვებას. კარგად მახსოვს ჩვენი შესანიშნავი შეხვედრა პრეზიდენტ ტრამპთან სექტემბერში, როდესაც დეტალურად განვიხილეთ უკრაინა-აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორობა, გამარჯვების გეგმა და უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის დასრულების გზები. მოუთმენლად ველი, რომ პირადად მივულოცო პრეზიდენტ ტრამპს და კიდევ ერთხელ განვიხილო უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის გაძლიერების გზები შეერთებულ შტატებთან.”
მარკ რუტე:
„ვულოცავ დონალდ ტრამპს შეერთებული შტატების პრეზიდენტად არჩევას. მისი ხელმძღვანელობა კვლავ იქნება ჩვენი ალიანსის სიძლიერის შენარჩუნების მთავარი გასაღები. მოუთმენლად ველი მასთან კვლავ თანამშრომლობას.“
ალექსანდარ ვუჩიჩი:
„ჩვენ ერთად ძალიან სერიოზული გამოწვევების წინაშე ვდგავართ. სერბეთი მზად არის ითანამშრომლოს აშშ-სთან სტაბილურობის, კეთილდღეობისა და მშვიდობის საკითხებში.“
სალომე ზურაბიშვილი:
“გილოცავთ ბატონო პრეზიდენტო. ამერიკა უკვე 33 წელია საქართველოს ძლიერი მოკავშირეა. ჩვენ ახლა თქვენი დახმარება ისე გვჭირდება, როგორც არასდროს. თქვენი გვერდში დგომა დაგვეხმარება ევროკავშირთან ინტეგრაციაში, რეგიონული უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გაძლიერებაში, ჩვენი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის დაცვაში.”
ირაკლი კობახიძე:
“პრეზიდენტ ტრამპს ვულოცავ არჩევნებში დამაჯერებელ გამარჯვებას! დარწმუნებული ვარ რომ დონალდ ტრამპის ლიდერობა ხელს შეუწყობს გლობალურ და რეგიონულ მშვიდობას და უზრუნველყოფს აშშ-საქართველოს ურთიერთობების გადატვირთვას.”