მთავარიამერიკააშშაშშ 47-ე პრეზიდენტს ირჩევს

აშშ 47-ე პრეზიდენტს ირჩევს

მილიონობით ამერიკელი საარჩევნო უბანზე მიდის, რათა პრეზიდენტობის ორი მთავარი კანდიდატიდან ერთი აირჩიოს. „დემოკრატიული პარტიის” კანდიდატი და ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და ყოფილი პრეზიდენტი, რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი ბოლო თვეების განმავლობაში ამომრჩეველთა მხარდაჭერის მოსაპოვებლად თავდაუზოგავად იბრძოდნენ. 4 ნოემბერს ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ჰარისს 1.2%-იანი უპირატესობა აქვს, თუმცა ეს უპირატესობა ცდომილების ფარგლებშია.

კენჭისყრის დაწყებისთანავე კანდიდატებმა საკუთარ მხარდამჭერებს კიდევ ერთხელ მოუწოდეს არჩევნებში მონაწილეობისკენ.

„არჩევნების დღე დადგა. დღეს ხმას ვაძლევთ, რადგან ჩვენი ქვეყანა გვიყვარს და გვჯერა იმის, თუ რა შეუძლია ამერიკას“, – წერს კამალა ჰარისი პლატფორმა X-ზე.

„ოფიციალურად არჩევნების დღეა. ეს აშშ-ის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი დღე იქნება. ამომრჩეველთა ენთუზიაზმი ძალიან მაღალია, რადგან ხალხს სურს, ამერიკა კვლავ დიდებული გახადოს. ეს ნიშნავს, რომ რიგები გრძელი იქნება. საჭიროა, რომ ხმა მისცეთ, რამდენი დროც არ უნდა დასჭირდეს ამას. დარჩით რიგში! რადიკალ კომუნისტ დემოკრატებს სურთ, რომ ბარგი ჩაალაგოთ და სახლებში წახვიდეთ. ჩვენ ერთად უდიდეს გამარჯვებას მოვიპოვებთ და ამერიკას კვლავ დიდებულს გავხდით“, – წერს „რესპუბლიკური პარტიის” საპრეზიდენტო კანდიდატი პლატფორმა X-ზე.

არჩევნებში მონაწილეობისკენ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეებს მოუწოდებენ კანდიდატთა ყველაზე ცნობილი მხარდამჭერებიც, მათ შორის, ბარაკ ობამა და ილონ მასკი.

„ეს არჩევნები თანაბარი იქნება. ზოგიერთ შტატში, თითო უბანზე სულ რამდენიმე ხმა გადაწყვეტს გამარჯვებულის ვინაობას. ასე რომ, უნდა მიხვიდეთ და მისცეთ ხმა. უთხარით თქვენს ოჯახს, ესაუბრეთ თქვენს მეზობლებს, დაგეგმეთ. მიდით საარჩევნო უბნებზე მეგობრებთან ერთად და ხმა მიეცით. მიეცით ხმა კამალა ჰარისსა და ტიმ უოლზს”, – აცხადებს ბარაკ ობამა, აშშ-ის 44-ე პრეზიდენტი საკუთარ მიმართვაში.

„კავალერია ადგილზეა. ხმას უპრეცედენტოდ ბევრი მამაკაცი აძლევს. მათ ესმით, რომ ყველაფერი სასწორზე დევს“, – წერს ილონ მასკი პლატფორმა X-ზე.

„დემოკრატიული პარტიის” კანდიდატმა კამალა ჰარისმა ხმა 3 ნოემბერს მისცა და ბიულეტენი ფოსტით გაგზავნა. რესპუბლიკელი დონალდ ტრამპი კი, საარჩევნო უბანზე ფლორიდაში, პალმ ბიჩში გამოცხადდა.

„შესანიშნავი კამპანია მქონდა. ვფიქრობ, სამიდან საუკეთესო იყო. პირველმაც ძალიან კარგად ჩაიარა. მეორეში ბევრად უკეთესად ვიმოქმედეთ, თუმცა, რაღაც მოხდა… ეს კი საუკეთესოა. ეს არის საუკეთესო კამპანია, რომელიც გვქონია“, – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ამ ეტაპზე უცნობია, ზუსტად როდის გახდება ცნობილი აშშ-ის 47-ზე პრეზიდენტის ვინაობა.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend