მთავარიევროპამოლდოვასაპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუმ გაიმარჯვა - წინ საპარლამენტო არჩევნებია

საპრეზიდენტო არჩევნებში მაია სანდუმ გაიმარჯვა – წინ საპარლამენტო არჩევნებია

„გაიმარჯვა თავისუფლებამ, სიმართლემ და სამართლიანობამ“, – განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მან მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში პრორუსული „მოლდოვის სოციალისტური პარტიის“ მიერ მხარდაჭერილი ოპონენტი ალექსანდრ სტოიანოგლუ დამაჯერებლად დაამარცხა. არჩევნების მეორე ტურში მაია სანდუს ამომრჩეველთა 55%, მის მეტოქეს კი, 45% მიემხრო.

„ძვირფასო მოლდოველებო, თქვენ აჩვენეთ დემოკრატიის მაგალითი, რომელიც ღირს, რომ ისტორიის წიგნებში იყოს აღწერილი. დღეს თქვენ მოლდოვა გადაარჩინეთ. არავის წაუგია ჩვენი ღირსეული მომავლის არჩევანში. თავისუფლებამ, სიმართლემ და სამართლიანობამ გაიმარჯვა. თითოეული ჩვენგანის ხმით მოლდოვამ აჩვენა თავისი ნება და ძალა. ჩვენ დავამტკიცეთ, რომ თუკი ერთად დავდგებით, შევძლებთ დავამარცხოთ ისინი, ვისაც ჩვენი დაჩოქება უნდა.

მოლდოვა ევროპის ისტორიაში უპრეცედენტო თავდასხმის ქვეშ იყო. ბინძური ფული, ხმების უკანონო ყიდვა, ქვეყნის გარედან მტრული ძალებისა და კრიმინალური დაჯგუფებების ჩარევა საარჩევნო პროცესში, სიცრუის გავრცელება და სიძულვილისა და შიშის გაღვივება ჩვენს საზოგადოებაში. ჩვენი ხალხი გაერთიანდა. გაიმარჯვეს მოქალაქეებმა და თავისუფლებამ“, – განაცხადა მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ.

მოლდოვის არჩევნების შედეგებს საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა. სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ მოლდოვის არჩევნები საუკეთესო „მტკიცებულებაა” იმის დასადასტურებლად, რომ საქართველოში არჩევნები მოიპარეს. მან პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ მოლდოვა დიასპორის 300 000-მა ამომრჩეველმა გადაარჩინა, საქართველოში კი, ხმის მიცემის უფლება მილიონიანი დიასპორიდან მხოლოდ 34 000 ამომრჩეველს მიეცა.

მოლდოვის პრეზიდენტს არჩევნებში გამარჯვება არაერთმა დასავლელმა ლიდერმა მიულოცა.

„ძვირფასო მაია, გილოცავთ გამარჯვებას. იმ გამოწვევების დაძლევა, რომელთა წინაშეც ამ არჩევნებისას აღმოჩნდით, იშვიათ სიძლიერეს მოითხოვს. მოხარული ვარ, მოლდოვისა და მისი ხალხის მომავლისთვის თქვენთან მუშაობა გავაგრძელო“, – წერს ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი.

„ვულოცავ მაია სანდუს მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებას. უკრაინა მხარს უჭერს მოლდოველი ხალხის ევროპულ არჩევანს და მზადაა, მათთან ერთად იმუშაოს ჩვენი პარტნიორობის გასაძლიერებლად.

მოლდოველებმა მკაფიო არჩევანი გააკეთეს, აირჩიეს გზა ეკონომიკური ზრდისა და სოციალური სტაბილურობისკენ. მხოლოდ ჭეშმარიტ უსაფრთხოებასა და მშვიდობიან, გაერთიანებულ ევროპას შეუძლია უზრუნველყოს თითოეული ადამიანისა და ყველა ოჯახის ნდობა, შეხვდეს ხვალინდელ დღეს იმედითა და რწმენით“, – წერს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი.

„მინდა, მაია სანდუს მოლდოვის პრეზიდენტად ხელახლა არჩევა მივულოცო. დემოკრატიამ გაიმარჯვა ყველანაირ ჩარევასა და მანევრებზე. საფრანგეთი გააგრძელებს მოლდოვის გვერდით დგომას მის ევროპულ გზაზე“, – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი.

ექსპერტები აღნიშნავენ, საპრეზიდენტო არჩევნებში პროევროპელი კანდიდატის გამარჯვება მოგებული ბრძოლაა, თუმცა ახლა მთავარი მომავალ წელს დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნებია.

„ევროკავშირმა უნდა გააცნობიეროს, რომ საჭიროა უფრო დიდი დაფინანსება, რომელიც მყისიერად იმოქმედებს ადამიანების ცხოვრებაზე. ასევე უნდა გაუმჯობესდეს მიდგომა ამ საკითხზე საზოგადოებასთან კომუნიკაციის თვალსაზრისით. ერთია ათი ათასობით ევროს გამოყოფა საზოგადოების განვითარებისთვის და მეორეა ამ გზავნილის ადამიანებამდე მიტანა, რადგან ყველა არ არის ინფორმირებული ინვესტიციისა და მათ ცხოვრებაზე მისი გავლენის თაობაზე.

თუ ეს ყველაფერი მოხდება, იქნება წინაპირობა იმისთვის, რომ მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პროევროპული მთავრობა გვყავდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვითარება გაურკვეველი იქნება. უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ მხოლოდ ბრძოლა მოვიგეთ და ომი საპარლამენტო არჩევნებამდე გაგრძელდება. სწორედ საპარლამენტო არჩევნებზეა დადებული რუსეთის ყველა ფსონი. ისინი შეეცდებიან აპრობირებული მეთოდებითა და სხვების გამოყენებით კიშინაუს მთავრობაზე კონტროლი მოიპოვონ“, – ამბობს მიჰაი მოგალდეა, „ევროპული პოლიტიკისა და რეფორმების ინსტიტუტის” დირექტორის მოადგილე.

არჩევნებში გამარჯვებიდან რამდენიმე საათში მაია სანდუმ ქართველ ხალხს მიმართა. მან პლატფორმა X-ზე დაწერა, რომ მოლდოვა ქართველი ხალხის გვერდითაა და ბრძოლა დემოკრატიისთვის მთელ რეგიონში გრძელდება.

„გუშინ მოლდოველებმა გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგეს ევროპულ გზაზე, მაგრამ მოლდოვასა და მთელ რეგიონში დემოკრატიისთვის ბრძოლა გრძელდება.

მივმართავ ქართველ ხალხს: აღფრთოვანებული ვარ თქვენი გამძლეობითა და მონდომებით, ააშენოთ თავისუფალი, ევროპული მომავალი. მტკიცედ დადექით – მოლდოვა თქვენთანაა“, – წერს მაია სანდუ X-ზე.

საარჩევნო უბანი, კიშინიოვი, მოლდოვა, 3 ნოემბერი, 2024 წელი Copyright AP Photo/Vadim Ghirda

მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური 20 ოქტომბერს ჩატარდა. მაშინ მაია სანდუს ამომრჩეველთა 42%, ალექსანდრ სტოიანოგლუს კი, 26% მიემხრო. იმავე დღეს მოლდოვამ რეფერენდუმით გადაწყვიტა, რომ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრების სურვილი კონსტიტუციაში უნდა ასახულიყო. ქვეყნის ევროპული პერსპექტივის ბედი ხმათა 1%-ზე ნაკლებმა გადაწყვიტა. კენჭისყრის დასრულებიდან რამდენიმე საათში მაია სანდუმ კრიმინალური დაჯგუფებები და უცხოური ძალები არჩევნებში ჩარევასა და „დემოკრატიაზე უპრეცედენტო თავდასხმაში“ დაადანაშაულა. მაშინ მაია სანდუს კონკრეტული დაჯგუფებები და უცხოური ძალები არ დაუსახელებია, თუმცა მოლდოვის პროევროპული ხელისუფლება 20 ოქტომბრამდეც აღნიშნავდა, რომ რუსეთი და კრემლის მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქი ილან შორი ამომრჩევლის მოსყიდვას შეეცდებოდნენ. 20 ოქტომბრის შემდეგ მოლდოვის არჩევნებში უცხოური ძალების, კონკრეტულად კი, რუსეთისა და მისი მარიონეტების ჩართულობაზე საუბრობდნენ ბრიუსელშიც.

უახლესი

სხვა ამბები

spot_imgspot_img
Send this to a friend