კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ შტაბში სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატებისა და სამი ოპოზიციური გაერთიანების ერთობლივი შეხვედრა გაიმართა. დახურულ კარს მიღმა კონსულტაციებს საქართველოში მოქმედი 19 საელჩოდან 14-ის წარმომადგენელი ესწრებოდა. მათ შორის იყვნენ 6 ქვეყნის – შვედეთის, ჩეხეთის, შვეიცარიის, ნორვეგიის, ლიეტუვისა და ისრაელის ელჩები, ხოლო 2 სახელმწიფოს – საფრანგეთისა და ესტონეთის ელჩების მოადგილეები. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელი, ნატოს სამოკავშირეო მისიის მოადგილე და „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის” (IRI) ხელმძღვანელი და ექსპერტები.
კონსულტაციების დეტალებზე ისაუბრეს ოპოზიციონერმა ლიდერებმა. დიპლომატებისა და პოლიტიკოსების ორმხრივი მოლაპარაკებების პროცესი მათ დადებითად შეაფასეს. კოალიციების ლიდერების თქმით, შეხვედრაზე მათ წარადგინეს საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებული მტკიცებულებების ანგარიში, უცხოელ დიპლომატებს გააცნეს ქუჩის პროტესტთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები და მოისმინეს მათი პოზიციები. ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აცხადებენ, რომ დიპლომატებისგან აქვთ მხარდაჭერა ყველა იმ ნაბიჯში, რომლებიც კანონის ფარგლებშია.
„შეხვედრა ეხებოდა ანგარიშს, რომელიც ჩვენ მოვამზადეთ. ეს ეხება დარღვევებს, გაყალბების სქემებს, რომლებსაც ადგილი ჰქონდა ამ არჩევნებზე და ადასტურებს იმას, რომ სინამდვილეში ქართველი ხალხის არჩევანი მოიპარეს. დღევანდელ შეხვედრაზე არ ყოფილა წარმოდგენილი ფოტო და ვიდეომტკიცებულებები. ეს გადაგზავნილიც აქვთ და ნანახიც, აქ იყო ანგარიში, პრეზენტაცია სლაიდებზე დაჯამებული ინფორმაციის, მათ შორის, სტატისტიკური ანალიზი და იყო დაბეჭდილი სახით დარიგებული. კითხვები დაისვა ასევე პროტესტთან დაკავშირებით, რას ვაპირებთ, როგორ ვგეგმავთ და ამაზეც პასუხები გავეცით. ვუთხარით, რომ იქნება ქუჩის აქციები, როგორც წავა პროცესები, შესაბამისად გადავწყვეტთ.
საერთაშორისო გამოძიება რა ფორმით შეიძლება მოხდეს, ამაზეც იყო დისკუსია, მათ შორის, მათგანაც იყო კითხვები. დისკუსია იყო იმაზე, თუ რა მექანიზმები შეიძლება იყოს გამოყენებული, მათ შორის, განხილული იყო სხვადასხვა დროში გამოყენებული პრაქტიკა“, – განაცხადა „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ.
„დღევანდელი შეხვედრა იყო ძალიან ინფორმატიული, ძალიან ბევრი რამ გაიგეს, ჩვენ მათ ძალიან მყარი არგუმენტები წარვუდგინეთ და ის დარღვევები, რომლებიც ყოველდღიურად შემოდის. მე დაგპირდით, რომ თითოეული მოქალაქის ხმის დაცვისთვის ვიბრძოლებ და ამას ვაკეთებთ ინტენსიურად, არ ჩერდება მუშაობა, შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება და მათი ჩართულობა. ისინი კმაყოფილები წავიდნენ, უფრო მეტ ინფორმაციას მივაწვდით ხვალ, ზეგ და მაზეგ იმიტომ, რომ ეს არჩევნები იყო არალეგიტიმური და მისი საერთაშორისო საზოგადოების მიერ მისი ლეგიტიმაცია შეუძლებელია და არ მოხდება“, – განაცხადა კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.
„დღეს ჩვენ დიპლომატიურ კორპუსს კიდევ ერთხელ ავუხსენით, რომ ჩვენი გეგმების ფუნდამენტურ ნაწილს შეადგენს საპროტესტო აქციები, რომლებიც მიგვაჩნია, რომ არის მნიშვნელოვანი ნაწილი. მნიშვნელოვანია ხანგრძლივი, განგრძობადი და მიზანმიმართული, შედეგზე ორიენტირებული საპროტესტო აქციები საზოგადოების აქტიურ ნაწილთან ერთად, რომელიც იბრძოდა „რუსული კანონის“ წინააღმდეგ და კანდიდატის სტატუსის მისაღებად“, – განაცხადა „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა თინა ბოკუჩავამ.
კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ შტაბში დიპლომატებთან გამართულ შეხვედრას არ დასწრებიან გიორგი გახარიას გუნდის წარმომადგენლები. 1-ელი ნოემბრის ბრიფინგზე პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავად კონსულტაციებზე არყოფნისა, ოპოზიციურ კოალიციებთან აქტიურად თანამშრომლობენ.