მოლდოვა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მოლოდინშია. 3 ნოემბერს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ უნდა გადაწყვიტონ, ვის ანდობენ სახელმწიფო მეთაურის თანამდებობას მომდევნო 4 წლის განმავლობაში.
მოლდოვას მოსახლეობას არჩევანი ორ კანდიდატს – პროდასავლელ და ქვეყნის ევროინტეგრაციის მომხრე მაია სანდუსა და სოციალისტური განწყობებისა და კრემლისადმი ლოიალურად განწყობილ ალექსანდრ სტოიანოგლოს შორის მოუწევს.
არჩევნების მეორე ტურისთვის სამზადისში მყოფი „სოციალისტური პარტიის“ ლიდერი, ალექსანდრ სტოიანოგლო აცხადებს, რომ საჭიროებისა და მოლდოველთა უმრავლესობის თანხმობის შემთხვევაში, ვლადიმერ პუტინს შეხვდება.
პრეზიდენტობის კანდიდატი დასძენს, რომ რუსეთზე დამოკიდებული არ არის, მხარს უჭერს ქვეყნის ევროინტეგრაციას და მაია სანდუს მთავრობის მიერ შექმნილი განხეთქილების დაძლევა სურს.
სტოიანოგლოს წინასაარჩევნო კამპანია მეტწილად ტერიტორიული მთლიანობის აღმოფხვრის საკითხზეა აგებული. ის აცხადებს, რომ პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში ეცდება, მოაგვაროს დნესტრისპირეთის რეგიონთან არსებული უთანხმოებები. ალექსანდრ სტოიანოგლოს შეფასებით, მოლდოვას ევროინტეგრაცია შეუძლებელი და „აზრს მოკლებულია“ სეპარატისტული რეგიონის ე.წ. „ხელისუფლებასთან“ კონსესუსის მიღწევის გარეშე.
20 ოქტომბერს გამართული არჩევნების პირველ ტურში ჯერ კიდევ მოქმედმა პრეზიდენტმა, მაია სანდუმ ხმათა 42% მიიღო, მისმა ოპონენტმა კი – 26%. საპრეზიდენტო არჩევნების გარდა, ევროკავშირთან შეერთების საკონსტიტუციო შესწორების საკითხზე რეფერენდუმიც ჩატარდა. მოქალაქეთა 51%-მა საკონსტიტუციო შესწორებებს მწვანე შუქი აუნთო.