მთავარისაქართველოცესკო პროკურატურას მიმართავს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული ბრალდებების გამოსაძიებლად

ცესკო პროკურატურას მიმართავს არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებული ბრალდებების გამოსაძიებლად

ცესკო მიმართავს პროკურატურას, დაიწყოს გამოძიება არჩევნების სავარაუდო გაყალბებასთან დაკავშირებულ ბრალდებებზე.

„იმ გარემოების დასადგენად, შეესაბამება თუ არა სიმართლეს საქართველოს პრეზიდენტის, პოლიტიკოსებისა თუ ნებისმიერი დაინტერესებული პირის მიერ გაკეთებული განცხადება თუ გავრცელებული ინფორმაცია არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით, საჭიროებს კომპლექსური და ობიექტური გამოძიების ჩატარებას“, – წერია საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ოფიციალურ განცხადებაში.

საქართველოს პრეზიდენტისა და ოპოზიციური პარტიების ლიდერთა პოზიციები კი არ შეცვლილა. მათ მიაჩნიათ, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები საქართველოს მოქალაქეთა თავისუფალ ნებას არ ასახავს. ისინი აგრძელებენ შეხვედრებსა და კონსულტაციებს სამომავლო გეგმებისა და ნაბიჯების შესახებ. ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილი დღეს, 29 ოქტომბერს, კვლავ შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს. ამ შეხვედრას არ ესწრებოდნენ პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები. მედიასთან კომენტარის გარეშე დატოვა ორბელიანების სასახლე კოალიცია „ცვლილებისთვის“ ლიდერმა ნიკა გვარამიამ.

პარტია საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია ითხოვს, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გაასაჯაროოს ინფორმაცია, თუ სად, რომელ უბანსა და რომელ საათზე მისცეს მოქალაქეებმა ხმა. ოპოზიციონერი ლიდერი აცხადებს, ამ გზით შესაძლებელი გახდება გადამოწმება, რეალურად იყვნენ თუ არა არჩევნებზე იმ რაოდენობის მოქალაქეები, რამდენი ხმაც ცესკომ აღრიცხა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა საგანგებო განცხადება გააკეთა და თქვა, რომ არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, ოპოზიციურ პარტიებს „მანიპულაციური კამპანია” აქვთ დაწყებული. საარჩევნო ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ისინი ვერ გაასაჯაროებენ იმ ამომრჩეველთა სიებს, რომლებიც 26 ოქტომბერს საარჩევნო უბნებზე მივიდნენ. ცესკოს პრესსპიკერი ნათია იოსელიანი ამბობს, რომ ეს მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების გამჟღავნება იქნება.

29 ოქტომბრის 18:00 საათზე ამოიწურა საოლქო კომისიებში საჩივრების შეტანის ვადა. ოლქებს მათ  განსახილველად 5 დღე აქვთ. თუკი საოლქო საარჩევნო კომისიების გადაწყვეტილება მოსარჩელეებისთვის მისაღები არ იქნება, მათ შეუძლიათ დავა სასამართლოში განაგრძონ.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend