„ქართული ოცნების“ 21 ნოემბრის პოლიტსაბჭოს სხდომაზე პრემიერ-მინისტრის, მთავრობის ახალი შემადგენლობის, პარლამენტის თავმჯდომარისა და სავარაუდოდ, საპრეზიდენტო კანდიდატის წარდგენის საკითხები განიხილეს.
მმართველი პარტიის ლიდერებმა ასევე ისაუბრეს 2025 წლის ბიუჯეტის დაგეგმარებასა და საპარლამენტო მუშაობის გამოწვევებზე.
პოლიტსაბჭოს დახურული სხდომის მცირე დეტალები ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ გააცნო. მისი თმით, პარტიის საპატიო თავმჯდომარის წარდგენით, პრემიერის თანამდებობას ისევ ირაკლი კობახიძე დაიკავებს. უცვლელი რჩება პარლამენტის თავმჯდომარე, ამ პოსტს კვლავ შალვა პაპუაშვილი ჩაიბარებს. უცნობია ახალ მთავრობაში მინისტრთა ვინაობა. მამუკა მდინარაძე მინისტრთა წარდგენის ექსკლუზიურ უფლებას მთავრობის მეთაურს უტოვებს.
„გაიმართა პოლიტსაბჭოს სხდომა, სადაც მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან ერთად გავიარეთ სხვადასხვა საკითხები წლის ბოლომდე. ეს შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, შეეხება საბიუჯეტო დაგეგმარების საკითხს საქართველოს პარლამენტში, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურას, ასევე, მთავრობის დამტკიცებას და მათ შორის, ასევე პრეზიდენტის არჩევნების დანიშვნის საკითხს. როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი წესდების თანახმად, პარტიის საპატიო თავმჯდომარეს აქვს უფლებამოსილება წარადგინოს პრემიერობის კანდიდატი და არ იქნება, ალბათ, განსაკუთრებული სიურპრიზი ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა პრემიერობის კანდიდატად ირაკლი კობახიძე წარმოადგინა და ბუნებრივია, პოლიტსაბჭომ მას სრულად დაუჭირა მხარი. ასევე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფრაქცია „ქართული ოცნება“ პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე შალვა პაპუაშვილს წარადგენს. ასევე, ჩვენ გავიარეთ საბიუჯეტო საკითხები და მოგეხსენებათ, რომ გვაქვს ამ მიმართულებით ამბიციური გეგმები.ასევე, მოგეხსენებათ, რომ პრეზიდენტის არჩევნები უნდა ჩაინიშნოს პარლამენტის პირველი სხდომის შემდეგ. ამის კონკრეტული ვადა განსაზღვრული. ჩვენ მომდევნო დღეებში ამ თარიღსაც განვსაზღვრავთ, როცა საქართველოს პარლამენტში პირველი სხდომა ჩაინიშნება“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მამუკა მდინარაძემ ასევე ისაუბრა არჩევნების შედეგებთან დაკავშირებით, პრეზიდენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილი სარჩელის შესახებ და თქვა, რომ ეს სარჩელი რეალობასთან და კანონმდებლობასთან შეუსაბამოა. მისივე განცხადებით, მოლოდინი აქვს, რომ არჩევნებში ბარიერგადალახული პარტიები, პარლამენტში მალე შევლენ და მათი მხრიდან მანდატების დათმობის კამპანია მხოლოდ პოლიტიკური დღის წესრიგის ნაწილია.
„თეორიულადაც არ შეიძლება ამის დაშვება – წინასწარ ვიცი ზუსტად, ზუსტად ვიცი წინასწარ, რომ შანსი არ არის, რომ დაკმაყოფილდეს ეს სარჩელი. საფუძველი არ არსებობს და წინასწარ როგორ შეიძლება არ ვიცოდე. თუ ობიექტურად დაადგენს – ზუსტად ვიცი და თუ სუბიექტურად დაადგენს, შეაშინებთ, დააშანტაჟებთ და სიკვდილით დაემუქრებით, მერე შეიძლება სხვა გადაწყვეტილება მიიღოს, სხვა შემთხვევაში ზუსტად ვიცი წინასწარ. მხოლოდ ხელისუფლებას ზეწოლა შეეძლო „ნაცების“ დროს და ახლა ხელისუფლებას არაფერიც არ შეუძლია, არანაირ ზეწოლაზე არ მიდის ის არასდროს და ასეთი მორალიც რომ არ არსებობს არსებულ ხელისუფლებაში, მყარი გარანტიებია მოსამართლის თავისუფლების. და დიახ, თუ ობიექტურად გადაწყვეტენ, დარწმუნებული ვარ, იურისტი ვარ და ვიცი, რომ ამ შემთხვევაში იმდენად სულელური სარჩელია შეტანილი, რომ ვერ დააკმაყოფილებს ვერანაირად, მაგრამ თუ სუბიექტური გადაწყვეტილებაა, არც ზუსტად ვიცი და არც ის ვიცი, რას ჩაწერს ვიღაცა, მოსამართლე იქნება თუ სხვა.
რაც შეეხება ოპოზიციას, საბოლოოდ ისინი ფიქრობენ პარლამენტში შემოსვლას გარანტირებულად. იმიტომ, რომ მათ შეუძლებელია არ სცოდნოდათ, როდესაც განცხადებები დაწერეს, რომ იმ დროისთვის დაწერილ განცხადებას არანაირი იურიდიული ძალა არ გააჩნდა. თუ არ იციან, ეს დაშვება პირობითია, რადგან მათ იციან, მაგრამ მაინც ამ პირობითი დაშვების ფარგლებში შემიძლია ვუთხრა, რომ თუ მართლა უნდათ პარლამენტის დატოვება, მათ უნდა დაწერონ ახალი განცხადებები მას შემდეგ, რაც საქართველოს პარლამენტი მათ უფლებამოსილებას ცნობს. მაგრამ ასეთის მოლოდინი ჩვენ არ გვაქვს. სწორედ იმიტომ დაწერეს უფლებამოსილების ცნობამდე მათ განცხადებები, რომ მართლა არ მოუწიოთ პარლამენტის დატოვება და საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმა. თუ ასე არ არის, ეს გამოჩნდება სულ რაღაც რამდენიმე დღეში.
ისინი ატყუებენ თავის ამომრჩეველს, რომ თითქოს გამორიცხავენ პარლამენტში შემოსვლას. ვნახოთ, როგორ გატეხენ ან არ გატეხენ თავის სიტყვას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მმართველი გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა თქვა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდი ევროკავშირის ტექნიკურ დელეგაციასთან სამუშაოდ მზად არის, თუმცა არჩევნების გამოძიების უფლებას უცხოელებს არ მისცემენ. მისივე თქმით, ევროკავშირში გაწევრების პროცესის გაურკვეველი ვადით გადაწევის შემთხვევაშიც კი, მმართველი პარტია მეათე მოწვევის პარლამენტის მიერ მიღებულ ორ სადავო კანონს უკან არ გაიწვევს.