იტალიაში ქვეყნის ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის სასამართლო პროცესი უკვე დასკვნით ნაწილშია. მატეო სალვინის ბრალი წაუყენეს იმისათვის, რომ 2019 წელს უარი განაცხადა ესპანური არასამთავრობო ორგანიზაციის Open Arms-ის მიერ ზღვაში გადარჩენილი 147 მიგრანტის ლამპედუზაში მიღებაზე. მატეო სალვინი არ ნანობს თავის გადაწყვეტილებას და ამბობს, რომ ეს თავისი ქვეყნის დასაცავად გააკეთა.
საბოლოო ვერდიქტამდე ჯერ კიდევ დიდი გზაა გასავლელი, თუმცა მიმდინარე კვირის მოსმენა გადამწყვეტი იქნება არასამთავრობო ორგანიზაცია Open arms-ის საქმისთვის, რომელშიც მატეო სალვინი ფიგურირებს. იტალიელმა პროკურორებმა მისი ექვსწლიანი პატიმრობა მოითხოვეს. მისი ადვოკატი ჯულია ბონჯორნო დასკვნით სიტყვაში შეეცდება, დაამტკიცოს ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრის უდანაშაულობა. რამდენიმე დღის წინ პონტიდაში „ევროპის პატრიოტების“ ულტრამემარჯვენე ლიდერებმა სალვინის მხარდამჭერი აქცია გამართეს და ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. ბოლო ინფორმაციით, დღეს პალერმოშიც იგეგმება მსგავსი აქცია. ევრონიუსი აქციის ერთ-ერთ ორგანიზატორს ესაუბრა.
იტალიის პარლამენტის წევრი სიმონა ლოიცო ამბობს, რომ ისინი მატეო სალვინის გვერდით დაუდგებიან, რადგან დარწმუნებული არიან, რომ ეს პოლიტიკური სასამართლო პროცესია. მათ, როგორც პოლიტიკურ პარტიას, სურთ, იტალიელებს აჩვენონ, რომ მხარს უჭერენ თავიანთ ლიდერს. პარტიის წევრები ყველას გააგებინებენ, რომ სასამართლო ამ ეპიზოდებს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს.
ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს გატაცების მუხლით წაუყენეს ბრალი. 2019 წელს სალვინიმ ესპანური არასამთავრობო ორგანიზაციის Open Arm-ის მიერ ზღვაში გადარჩენილ 147 მიგრანტს ლამპედუზაში გადმოსვლის უფლება არ მისცა. პროკურორებმა დაასკვნეს, რომ საზღვაო სამძებრო-სამაშველო სამუშაოების საერთაშორისო კონვენციის მიხედვით, ზღვაში გასაჭირში მყოფ ნებისმიერ ადამიანს უნდა დაეხმარონ და უზრუნველყონ უსაფრთხო ადგილას გადაყვანით. ისინი ასევე აცხადებენ, რომ მინისტრმა გადაწყვეტილება პოლიტიკური უპირატესობის მოპოვების გამო მიიღო.
სიმონა ლოიცოს თქმით, სალვინი, როგორც შინაგან საქმეთა მინისტრი, მოქმედებდა თავისი უფლებამოსილებისა და მისთვის მინიჭებული პოლიტიკური მანდატის ფარგლებში. მას იმ დროს მთავრობაში სხვა კოალიციური პარტიების მხარდაჭერაც ჰქონდა. მიგრანტებს გაუწიეს დახმარება, არასრულწლოვანებს კი უფლება მისცეს, გემი დაეტოვებინათ. ლოიცო დასძენს, რომ ამ ნაბიჯით, ფაქტობრივად, მთელ პარტიას ასამართლებენ.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში იგი მთავრობაში თანამდებობას ვეღარ დაიკავებს. თუმცა პროცესი, სავარაუდოდ, დიდხანს გაგრძელდება, რადგან სალვინის უფლება აქვს, მოსამართლის განაჩენი გაასაჩივროს.