მთავარიმსოფლიოNATOზელენსკი ნატოში უკრაინის მიწვევას ითხოვს - ალიანსი ზუსტ დროს ვერ ასახელებს

ზელენსკი ნატოში უკრაინის მიწვევას ითხოვს – ალიანსი ზუსტ დროს ვერ ასახელებს

ვოლოდიმირ ზელენსკი ბრიუსელში იმყოფება.

გეგმა, რომელიც უკრაინის პრეზიდენტის თქმით, „ომს არაუგვიანეს მომავალი წლისა“ დაასრულებს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთ მოკავშირეს უკვე წარუდგინა.

გეგმის მთავარი პუნქტები მოიცავს უკრაინის ნატოში დაუყოვნებლივ მიწვევასა და დასავლეთის მიერ მიწოდებული შორი რადიუსის იარაღის რუსეთის ტერიტორიაზე გამოყენების ნებართვას.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ არაერთხელ გაუსვა ხაზი, რომ დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერა იქნება გადამწყვეტი მნიშვნელობის მის მიერ შემუშავებული „გამარჯვების გეგმის“ წარმატებაში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამხედრო დახმარების გაზრდა ზამთრის მოახლოებასთან ერთად.

სწორედ ამიტომ ჩავიდა იგი 17 ოქტომბერს ბრიუსელში, სადაც ერთმანეთის პარალელურად იმართება ევროპული საბჭოს სამიტი და ნატოს თავდაცვის მინისტრების სხდომა.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი ევროპული საბჭოს სამიტზე ბრიუსელში, 17 ოქტომბერი, 2024 წელი Copyright AP Photo/Geert Vanden Wijngaert

ევროკავშირის ლიდერებთან შეხვედრისას მან ხაზი გაუსვა რუსეთზე ზეწოლის გაზრდის აუცილებლობას. თქვა, რომ სრულად რეალურია ერთდროულად ფრონტზე პოზიციების შენარჩუნება და ომის რუსეთის ტერიტორიაზე გავრცელებაც.

„პუტინი არა ომის დასასრულებლად, არამედ ომის გასაგრძელებლად ემზადება. მას სურს, მომავალი წლისთვის რუსეთის მიერ იარაღის წარმოება თქვენი ქვეყნების მაჩვენებელს გაუთანაბროს. მას ჩრდილოეთ კორეა ჭურვებით, საბრძოლო აღჭურვილობითა და ახლა უკვე ხალხითაც ეხმარება. მას ეხმარება ირანიც. ამასთან ერთად, სამწუხაროდ ჩვენ ვიღებთ ცნობებს, რომ ჩინეთი კვლავ აქტიურად უწყობს ხელს რუსეთს ამ ომის გაჭიანურებაში, ამის შესახებ მკაფიო სადაზვერვო მონაცემები გვაქვს. ახლავე უნდა გავძლიერდეთ. „გამარჯვების გეგმა“ ამ მომენტისთვის შემუშავდა. ყველას მოგიწოდებთ, დაგვეხმაროთ მის განხორციელებაში. თუ დავიწყებთ ახლა და მივყვებით „გამარჯვების გეგმას“,  ჩვენ შეგვიძლია, დავასრულოთ ეს ომი არაუგვიანეს მომავალი წლისა.

უკრაინის ნატოში დაუყოვნებლივ მოწვევა გადამწყვეტი იქნება. რა თქმა უნდა, ამას მოგვიანებით მოჰყვება გაწევრებაც. პუტინმა უბრალოდ უნდა დაინახოს, რომ მისი გეოპოლიტიკური გათვლები უვარგისია და ახლა მოწვევასა და მოგვიანებით გაწევრებას პოლიტიკური საფასური არ ექნება. ეს არის მტკიცე გადაწყვეტილება, რომელიც მონდომების გარდა არაფერს მოითხოვს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

დაგეგმილია ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლა ნატოს თავდაცვის მინისტრების სხდომაზეც, სადაც ალიანსის მოკავშირეები უკრაინის მხარდაჭერის გაგრძელების საკითხს განიხილავენ.

ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რუტემ სხდომის დაწყებამდე მედიასთან საუბარში აღნიშნა, რომ უკრაინა აუცილებლად გახდება ალიანსის 33-ე ან 34-ე წევრი.

„ჩვენ გრძელვადიან პერსპექტივაში ვაპირებთ, გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, თუ ეს საჭირო იქნება. ეს არის ჩვენი გზავნილი პუტინისთვის. რა თქმა უნდა, გვსურს ისეთ სიტუაციაში ყოფნა, რომ უკრაინამ ძალაუფლების პოზიციიდან შეძლოს რუსეთთან მოლაპარაკებების დაწყება. სანამ ეს მომენტი დადგება, ზელენსკის შეუძლია ჩვენი მხარდაჭერის იმედი ჰქონდეს… ხოლო პუტინს მისი შეწყვეტის იმედი ვერ ექნება.

დიახ, უკრაინა გახდება ნატოს 33-ე ან 34-ე წევრი. ახლანდელი გადმოსახედიდან ჩანს, რომ იგი 33-ე იქნება. შეიძლება მის წინ სხვა აღმოჩნდეს, მაგრამ უკრაინა მომავალში იქნება ალიანსის წევრი. სწორედ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ ვაშინგტონში. საქმე ახლა ვადებს ეხება“, – ამბობს მარკ რუტე, ნატოს გენერალური მდივანი.

„გზავნილი იქნება მკაფიო. ჩვენ, როგორც უკრაინის მხარდამჭერებმა, უნდა გავაკეთოთ ყველაფერი იმისთვის, რომ მომდევნო კვირებსა და თვეებში გავაძლიეროთ დახმარება და გავზარდოთ ზეწოლა რუსეთზე, რათა უკრაინამ გაიმარჯვოს. ევროპის თავდაცვა იწყება უკრაინაში. ეს არის ბრძოლა იმავე ღირებულებებისა და თავისუფლებებისთვის, რაც ჩვენთვის ძვირფასია. ვალდებულები ვართ უკრაინელების წინაშე, რომ რამდენი ხანიც საჭიროა, მათ გვერდით ვიდგეთ“, – ამბობს ჯონ ჰილი, დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრი.

ალიანსის ლიდერებმა ივლისში, 75-ე საიუბილეო სამიტზე განაცხადეს, რომ უკრაინა ნატოში გაწევრების შეუქცევად გზაზეა. თუმცა, აშშ-სა და არაერთ ევროპულ სახელმწიფოს ეშინია, ომი უფრო მასშტაბური არ გახდეს.

ამავე მიზეზით შეხვდნენ კიევის მოკავშირეები კრიტიკული განწყობით „გამარჯვების გეგმის“ იმ პუნქტებს, რომლებიც საჯაროდ არის ცნობილი, კერძოდ, რუსეთის ტერიტორიაზე შორი რადიუსის რაკეტების გამოყენების ნებართვის შესახებ. ამავე მიზეზით ეწინააღმდეგება რიგი სახელმწიფო ომის დასრულებამდე უკრაინის ალიანსში შემოერთებასაც.

შეკითხვაზე, მის მიერ წარდგენილი პირობების შეუსრულებლობა ნიშნავს თუ არა, რომ უკრაინა ომში დამარცხდება, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განმარტა, რომ სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის მიღმა არანაკლებ მნიშვნელოვანია უკრაინის გეოპოლიტიკური გაძლიერებაც. მისი თქმით, იმ შემთხვევაშიც კი თუ კიევის მოკავშირეები მხარს არ  დაუჭერენ „გამარჯვების გეგმას“, უკრაინა მაინც გააგრძელებს ბრძოლას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.

უახლესი

სხვა ამბები

00:01:44

უცნობი ვალსი

spot_imgspot_img
Send this to a friend