მაღალტექნოლოგიური კომპანიების ბირჟის – Nasdaq-ის 14 ოქტომბრის ვაჭრობის შედეგად, NVIDIA-ს აქციების ფასი 2,42%-ით გაიზარდა, რითაც კომპანიის საბაზრო ღირებულებამ 3,386 ტრილიონ დოლარს მიაღწია. სავაჭრო დღე წარმატებული იყო Microsoft-ისთვისაც, მისი აქციები 0,67%-ით გაძვირდა და კომპანიის საერთო ღირებულებამ 3,115 ტრილიონი დოლარი შეადგინა. შედეგად, NVIDIA-მ დარგის ერთ-ერთი უხუცესი Microsoft მესამე პოზიციაზე „ჩააჩოჩა”.
NVIDIA-ს აქციების გაძვირებას უპირატესად ორი გარემოება ერთდროულად განაპირობებს: ერთი მხრივ, მის ფლაგმანურ ჩიპზე – Blackwell-ზე ფასის მატება, მეორე მხრივ კი კომპანიის მუდმივად მზარდი ფინანსური მაჩვენებლები.
წინა კვირას საინვესტიციო კომპანია Morgan Stanley-მ ინვესტორთა შეკრებას უმასპინძლა, სადაც გაირკვა, რომ Blackwell-ის ჩიპების მთელი არსებული მარაგები უკვე გაყიდულია, მისი მწარმოებელი საწარმოები კი ერთწლიანი წინსწრებით არიან უზრუნველყოფილი შეკვეთებით. NVIDIA-ს პროდუქციის ძირითადი მომხმარებელი ჰაიტექინდუსტრიის პრაქტიკულად ყველა გიგანტია, მათ შორის, Google, Meta, Microsoft და Oracle.
NVIDIA-ს ჩიპებზე მოთხოვნის ზვავისებური ზრდა მყისიერად აისახა მის ფინანსურ მაჩვენებლებზე. მიმდინარე წლის მეორე კვარტალში კომპანიის შემოსავალმა 30 მილიარდ დოლარს მიაღწია, რაც წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 122%-ით აღემატება.
კომპანიის აქციების ფასის მატებაც შეუქცევად ხასიათს ატარებს და მჭიდროდ მიუახლოვდა დარგის ლიდერს, კომპანია Apple-ს, რომლის კაპიტალიზაცია ამჟამად 3,516 ტრილიონ დოლარს შეადგენს.